საზოგადოება
მრავალშვილიანის სტატუსი ოთხ და მეტ შვილიან ოჯახებს მიენიჭებათ
სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება, რომლის საშუალებით აღნიშნული კატეგორიის ოჯახები სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ და მისმა პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადეს. ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს.

შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის. „კანონპროექტით მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების და სოციალური დახმარების გაცემის წესს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს 2018 წლის 1-ელ ივნისამდე. მსგავსი კანონპროექტი ევროპის უმეტეს და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. საკითხზე მუშაობა დიდი ხანი მიმდინარეობდა, თუმცა, პროცესებს ქვეყნის მცირე ბიუჯეტი აფერხებდა. “ – განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, სტატუსი 2006 წელს გაუქმდა და ის ენიჭებოდა 7 და მეტშვილიან ოჯახებს.

ახალი კანონმდებლობით კი, მრავალშვილიანის სტატუსი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ექნებათ.



| Print |
FaceBook Twitter Google