საზოგადოება
რა ღონისძიებებია დაგეგმილი გურჯაანში სამ და რვა მარტს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია დედისა და ქალთა დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებს მოაწყობს.


როგორც ჩვენთან საუბარში მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა აღნიშნა, სამ მარტს მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები გადაეცემათ.
„დედის დღესთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა გაეკეთებინა სოციალური პროექტი , რომელიც მიზნად ისახავს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ტანსაცმლის მაღაზია LC Waikiki -ს ნივთების გადაცემას. იდეის მხარდამჭერი წითელი ჯვრის ორგანიზაციაა, რისთვისაც მადლობას ვუხდით . მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთი სულ 133 ოჯახია. ასევე მარტოხელა დედებს, რომლებსაც ჰყავთ 15 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები, გადაეცემათ საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები და წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ასეთი სულ რვა ოჯახია. სოციალური პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 ათასი ლარი გამოიყო.“

რაც შეეხება რვა მარტს, ეკა ცისკარაშვილის განმარტებით , ცენტრალურ ქუჩაზე ღონისძიება ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლი „გურჯაანის“ წევრები მიიღებენ. მისივე თქმით, ქალბატონებს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. მოგვიანებით კი კულტურის ცენტრში ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების შესრულებით კონცერტი გაიმართება.


| Print |
FaceBook Twitter Google