საზოგადოება
პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა
იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთ აქციას იწყებს. სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი, პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან.

აქციით ისარგებლებენ ასევე არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1 ნოემბრამდე, უსრულდებათ 18 წელი.
„პირადობის მოწმობას აიღებენ ის მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში; რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე; ასევე მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე; მოქალაქეები რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი. პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს; ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა. აღნიშნული პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე; “-აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბაზებში მოქალაქეთა მონაცემების სიზუსტე კვლავაც აქტუალურია, რადგან 2018 წელს საქართველოში კვლავ არჩევნებია და საარჩევნო სია მუდმივად უნდა იხვეწებოდეს. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში 2 400 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა; აქედან 1 400 000-მდე პირადობის მოწმობა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით − უფასოდ ან შეღავათიან ფასად. მოქალაქეები მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურის გადახდისაგან.

აქციით სარგებლობის მსურველმა მოქალაქეებმა, უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

| Print |
FaceBook Twitter Google