საზოგადოება
ქალი, რომელიც სხვის ცხოვრებას ყვავილებით ალამაზებს... [Photo]
გურჯაანში, ნონეშვილის გამზირზე მდებარე ყვავილების სალონის არსებობის შესახებ ალბათ ყველამ იცის. უკვე 25 წელია, აქ ლარისა ცისკარაშვილი ყვავილებს ჰყიდის.
ლალო ბებოს (ასე იცნობენ გურჯაანში) დილა ადრიანად იწყება, ჯანმრთელობის პრობლემაც რომ ჰქონდეს, თავისი საქმიანობის გარეშე ერთი დღეც კი ვერ წარმოუდგენია.

მისთვის ყველაზე საყვარელი ყვავილი გაზაფხულის მახარობლები ია და ფურუსულაა. როგორც თვითონ ამბობს, ჯერ კიდევ ბავშვობაში, საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად მიმავალ უფროს ძმას, თან ჩუმად მიჰყვებოდა, რომ ტყეში ყვავილები დაეკრიფა. ეზოც თავისი გემოვნებით აქვს მოწყობილი.

ამ საქმიანობას ვერავის ანდობს, იშვიათად, როდესაც საქმე ბევრი გროვდება, მაშინ თუ აიყვანს დამხმარეს.

-„შვილი მყავდა ავად, მოსკოვში მკურნალობდა, მეც მასთან ერთად ვიყავი და ხელობა იქ ვისწავლე. ჩემ გაკეთებულ ხელოვნურ ყვავილებს ყიდულობდნენ და თურმე თურქეთში მიჰქონდათ კარგ ფასად. დილა რომ გათენდება, როგორც ავდგები, ერთი სული მაქვს, ჯიხურში მოვიდე. მთელ დღეს აქ ვატარებ და სახლში წასვლა აღარც კი მინდა. ავად რომ ვარ, მაინც ვერ ვისვენებ, აქეთ მომიწევს გული. ყვავილებს რომ ვხედავ, ვმშვიდდები და კარგად ვხდები. იშვიათია, გვიან მოვიდე, 9-ის ნახევრისთვის უკვე აქ ვარ. ხან შეიძლება დღეში მხოლოდ წამლის ფული დამრჩეს, მაგრამ ამ საქმიანობის გარეშე ერთი დღეც კი ვერ წარმომიდგენია.“
საქმე განსაკუთრებით ბევრია მაშინ, როდესაც სადღესასწაულო დღეებია. ლალო ბებოს აბედნიერებს, როდესაც მისი თაიგულებით სხვას ულამაზებენ ერთ დღეს.

-„ხალხი ნელ-ნელა სწავლობს ერთმანეთის პატივისცემას. მიხარია, რომ ამ პატარა ყვავილებით სხვებს ცხოვრებას ვულამაზებ. როდესაც თაიგული მიცვალებულისთვის უნდათ, ძალიან განვიცდი. თან თუ ამბობენ, რომ ახალგაზრდაა, ცრემლები მომდის და ძალიან ვდარდობ.“

ქალი, რომელიც სხვების ცხოვრებას ალამაზებს, თაიგულს იშვიათად იღებს, თუმცა ეს მისთვის მაინც ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.

| Print |
FaceBook Twitter Google