საზოგადოება
ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა ერთიდან ხუთ წლამდე გაიზრდება
ევროკავშირი ვიზების გაცემის წესებს ცვლის. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. ახალი ინიციატივა პირველ რიგში, უსაფრთხოების გაძლიერებას უკავშირდება.

რეფორმის მიზანი საერთაშორისო მოგზაურებისთვის ტურისტული და ბიზნეს ვიზების მიღების ვადების შემცირება და პროცედურის გამარტივებაა. როგორც მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა ახალი ინიციატივის ამოქმედების შედეგად ვიზების გაცემის ვადა 15-იდან 10 დღემდე შემცირდება.

ამავე დროს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩასვლის მსურველებს სავიზო განაცხადის შევსება გამგზავრებამდე 6 თვით ადრე შეეძლებათ (დღეს ეს ვადა 3 თვეს არ აღემატება), თანაც აპლიკაციის შევსება ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.რეფორმის შედეგად ევროკავშირის მრავალჯერადი ვიზის ვადა 1-იდან 5 წლამდე გაიზრდება და მისი მიღება უფრო მარტივი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში დიდი ხანია მოგზაურობენ და დარღვევები არ აქვთ

კიდევ ერთი პუნქტი მოკლევადიანი ვიზების გამარტივებული წესით გაცემას ითვალისწინებს, კერძოდ, ტურისტებს შვიდდღიანი ვიზების მიღება ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე შეეძლებათ. მსგავსი ვიზა მოგზაურებს საშუალებას მისცემს, შვიდი დღე დაყონ მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელმაც აღნიშნული ვიზა გასცა. ევროკომისიის ახალი ინიციატივით, სავიზო მოსაკრებელი 25 პროცენტით გაიზრდება და მოგზაურებს 60 ევროს ნაცვლად 80 ევროს გადახდა მოუწევთ.

ევროკომისიის ინიციატივას სავიზო რეჟიმის რეფორმის თაობაზე გაზაფხულზე კიდევ ერთი ინიციატივა მოჰყვება: მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ევროკომისია ვიზების საინფორმაციო სისტემის გადახედვის პროექტს წარადგენს, 2018 წლის ბოლომდე კი ევროპარლამენტთან და წევრ სახელმწიფოებთან დიალოგის დაწყებას გეგმავს, რათა ვიზების გაცემის პროცედურა სრულად ელექტრონული გახდეს.


წყარო 1 tv.ge
| Print |
FaceBook Twitter Google