საზოგადოება
რას ურჩევს სემეკი ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს
ენერგო- პრო ჯორჯიას მიერ კახეთის „ენერგოდისტრიბუციის“ შესყიდვის შემდეგ, მოსახლეობა წინასწარ გადახდილი თანხების დაბრუნებას ან ახალ ანგარიშზე ასახვას ითხოვს.


საკითხით დაინტერესებულია ენერგოომბუდსმენის აპარატიც. მათ ამის შესახებ წერილობით „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უკვე მიმართეს.
როგორც ჩვენთან საუბარში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელმა კახეთში სოფიო აივაზაშვილმა განაცხადა, კომპანიისგან პასუხი უკვე მიიღეს.
„ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსახლეობამ ამ საკითხთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა მიმართოს, რადგან ენერგო-პრო ჯორჯიამ კომპანია მათგან შეიძინა. შესაბამისად, ისინი არიან დებეტურ დავალიანებებზე პასუხისმგებლები.“
რაც შეეხება იმ დავალიანებებს, რომელიც მოსახლეობას სექტემბრის თვემდე ერიცხებოდა კახეთის ენერგოდისტრიბუციის მიმართ, ენერგოომბუდსმენი აცხადებს: „ჩვენ ამის შესახებ გვქონდა შეხვედრა ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლებთან. ხანდაზმული დავალიანებები ჯამში ექვსი მილიონი ლარი, სრულად ჩამოეწერა მოსახლეობას. ეს არის ის, რასაც ამ ეტაპზე მივაღწიეთ.“

ამ საკითხთან დაკავშირებით, speqtri.ge-მ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) მიმართა. უწყებაში განაცხადეს, რომ მათთან არსებული ყველა საჩივარი აღსრულების ეროვნულ ბიუროს უკვე გადაეგზავნა.
„რა წერილებიც შემოვიდა, აღსრულების ეროვნულ ბიუროშია გადამისამართებული, რადგან ეს არის ჩვენი კომპეტენციის გარეთ არსებული დავა. შესაბამისად, მოქალაქეებს ვინც წერილობით მოგვმართა, ამის შესახებ ეცნობათ. ჩვენ მათ ვურჩევთ მიმართონ აღსრულების ბიუროს და მოითხოვონ ოფიციალური პასუხი.“

როგორც ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, მათ კახეთის ენერგოდისტრიბუცია კრედიტებიანად არ უყიდია, მათ მხოლოდ აქტივებით შეიძინეს.
| Print |
FaceBook Twitter Google