საზოგადოება
მოხდება თუ არა გურჯაანის სპეც. სკოლა - ინტერნატის დემონტაჟი
გურჯაანში ფარნავაზის ქუჩაზე მდებარე სპეც. სკოლა - ინტერნატი 2010 წელს გაუქმდა და მას შემდეგ ტერიტორია უპატრონოდ არის მიტოვებული.


2012 წლის 27 აგვისტოს ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობა, გურჯაანის მუნიციპალიტეტს გადაეცა. დროდადრო ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მის ბაზაზე სპორტული კომპლექსი, ან კადეტთა კორპუსი უნდა გაკეთებულიყო, თუმცა დღემდე მდგომარეობა უცვლელია.
წლების განმავლობაში შენობა იძარცვებოდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია ლოთების თავშეყრის ადგილად არის ქცეული.

გურჯაანის მერის პირველი მოადგილის სიმონ ქოჩორაშვილის თქმით, სკოლა ინტერნატი აუქციონზე ბევრჯერ გაიტანეს, თუმცა რეალური მყიდველი არ გამოჩნდა.
„სპეც. სკოლა ინტერნატი წლებია საპრივატიზაციო ნუსხაშია. ტერიტორია, რომლის მიწა 21 ათასი და შენობა 5516 კვადრატია, თავდაპირველად აუდიტის მიერ 470 ათას 788 ლარად იყო შეფასებული. აუქციონზე სამჯერ გასვლის შემდეგ შენობის ფასი 40 პროცენტით შემცირდა. შემცირებული ფასით ორჯერ გავიდა აუქციონზე, მაგრამ არ გაიყიდა. მას შემდეგ, რაც მისი ღირებულება კიდევ 5 პროცენტით შემცირდა, აუქციონზე ხუთჯერ უშედეგოდ გავიტანეთ. ვიღაცეები ტერიტორიაზე შედიან შლიან და ანგრევენ ისედაც ამორტიზებულ შენობას. ამჟამად, საქმეში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატია ჩართული. რადგან აქ მსურველი არავინ გამოჩნდა, ცდილობს დაინტერესებული პირები თბილისიდან ან საქართველოს სხვა რეგიონიდან მოიზიდოს.“

მისივე თქმით, ამჟამად მიდის განხილვა და თუ მომავალშიც არ მოიძებნა ინვესტორი, შეიძლება აუციონი შენობის დემონტაჟზე გამოაცხადონ. დარჩენილი მიწა კი გაიყიდება.

| Print |
FaceBook Twitter Google