საზოგადოება
ვიდეოკამერები ყველა საჯარო სკოლაში განთავსდება
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ მთავრობამ დღეს დაამტკიცა.
მთავრობის სხდომაზე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებები შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, მანდატურის სამსახური დამატებით ფუნქციებს იძენს, რაც აამაღლებს მისი საქმიანობის ეფექტიანობას და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე იქნება ორიენტირებული.

საკანონმდებლო ცვლილებებით, მანდატურის კანდიდატის მიმართ ახალი მოთხოვნები განისაზღვრა. აუცილებელი გახდება, მანდატურს ჰქონდეს სრული ზოგადი და პროფესიული ან უმაღლესი განათლება. შესაბამისად, ასაკობრივად, მანდატური შეიძლება გახდეს არანაკლებ 21 წლის კანდიდატი.

მანდატურის მოსამზადებელ კურსებს განათლების მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ერთობლივად დაამტკიცებენ. კურსები, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, ფიზიკურ მომზადებასაც უნდა ითვალისწინებდეს.

სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის განცალკევების, სამართალდარღვევის შემთხვევაში კი - მშობლისა და პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება. განცალკევების დროს უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლის ჩართულობა სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში. იცვლება მანდატურთა დანიშვნის წესიც, მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად დანიშნავს და გაათავისუფლებს სსიპ - მანდატურის სამსახურის უფროსი.

შს სამინისტროს ცნობითვე, საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მომზადდება უწყებათა შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს.

სავალდებულო ხდება სკოლის შენობაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება. სკოლაში მანდატურის არსებობის შემთხვევაში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ადმინისტრირებას მოახდენს მანდატური.

განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული განრიგით, საჯარო სკოლებში ვიდეოკამერების განთავსება ეტაპობრივად განხორციელდება და 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google