საზოგადოება
რა ღონისძიებები იგეგმება გურჯაანში ტურიზმის განვითარებისთვის
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილება შეიქმნა.


როგორც სამსახურის უფროსმა ნინო ნინოშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში ტურიზმი განვითარდეს, ზოგადი სტრატეგიის შემუშავებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„მოვიწვიეთ გერმანელი ექსპერტი, რომელიც ახლო მომავალში ჩამოვა. ის ჩვენთან ჯერჯერობით სამი კვირის განმავლობაში ითანამშრომლებს.
შევეცდებით შევისწავლოთ ყველა ის პრობლემა, რაც ამჟამად რაიონში ამ კუთხით არსებობს. დიდი ყურადღება მიექცევა ქალაქს იმიტომ, რომ არის ძალიან დიდი პოტენციალი ახტალის სახით. ერთი კვირის წინ გვყავდა სტუმრად გერმანელი მუსიკოსები. მომავალში მათთან ერთად იგეგმება ახალი პროექტები. გვინდა მუსიკალური სკოლის ბავშვები წავიყვანოთ მიუნხენში, სადაც კონცერტებში მიიღებენ მონაწილეობას.
სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი დაგვაკავშირონ გერმანიაში ტურისტულ ორგანიზაციებთან. მათი მეშვეობით გერმანიიდან გურჯაანში პირდაპირ მოხდება ტურისტების ჩამოყვანა.“

ნინო ნინოშვილის თქმით, მიმდინარეობს ინვესტორების მოძიება, რომლებთანაც ერთობლივი პროექტები გაკეთდება. ამჟამად განყოფილება მუშაობს სასტუმროების, მარნების, კულტურული ძეგლების და ა.შ. ბაზების შექმნაზე.
„როცა ეს მოხდება, ტურისტულ მარშრუტებში ჩაისმება სხვადასხვა ობიექტები და ამით მეტი ტურისტის მოზიდვას შევუწყობთ ხელს. ვაკეთებთ ასეთ რამეს: გურჯაანი, როგორც მეღვინეობის ქალაქი. როგორც სიღნაღს იცნობენ სიყვარულის ქალაქად, გვინდა, გურჯაანი აღიქმებოდეს ღვინის ქალაქად. ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, აქტიურად ვმუშაობთ მარნების პროექტზე, ამ კუთხით რაიონში დიდი პოტენციალია. ძირითადად, ამაზე ვიქნებით ფოკუსირებული. თითოეული გურჯაანელის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ რას შეცვლიდნენ და გააკეთებდნენ ქალაქის აღორძინებისთვის.“

გურჯაანის მერიის ახლადშექმნილ სამსახურში , სამომავლოდ რთვლის და ღვინის ფესტივალის ჩატარებასაც გეგმავენ.
| Print |
FaceBook Twitter Google