საზოგადოება
„გურჯაანის მუნიციპალური მაცნე“ უქმდება
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ააიპ-ი „გურჯაანის მუნიციპალური მაცნის“ ლიკვიდაციის საკითხი განიხილა, რომელსაც დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.


თუმცა, აღმოჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც, მათ შორის, ერთ ერთი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხუროშვილი იყო.
„თავის დროზე მე დავაყენე საკითხი ტელეკომპანია „გურჯაანისა“ და „გურჯაანის მუნიციპალური მაცნის“ დამატებით დაფინანსებასთან დაკავშირებით, თუმცა ტელევიზია გაითვალისწინეს, გაზეთი კი - არა. ჩემი პოზიცია ასეთია, პრესაში და ტელევიზიაში შეიძლება მოხდეს რეორგანიზაცია და შტატების შემცირება, მაგრამ არ უნდა გაუქმდეს. პირადად მე, ამის წინააღმდეგი ვიყავი, ვარ და ვიქნები კიდეც.“-აღნიშნა მან.

საპირისპირო აზრი დააფიქსირა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ვალერი ბარნაბიშვილმა. როგორც მან განმარტა, დღეისათვის ააიპ-ს არანაირი ფუნქცი არ გააჩნია.
„აუდიტმა დადო დასკვნა, სადაც საკმაოდ მკაფიოდ და ნათლად დაადასტურა, რომ ააიპ-ი დღესდღეობით ვერავითარ ფუნქციას ვერ ასრულებს. მისი სუბსიდირება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და თანხა მხოლოდ დასაქმებულთა ხელფასებში მიდის. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, ძალიან კარგია, რომ მერიამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მე წინა მოწვევის საკრებულოშიც ვიყავი და აიპ-იების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის საკითხზე მაშინაც რამდენჯერმე მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ჩვენმა ფრაქციამ ამ საკითხს მხარი დაუჭირა.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ნიკოლოზ გეთიაშვილის განმარტებით, ოპერატიულობის თვალსაზრისით, გაზეთი კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
„როგორც გაზეთის ხელმძღვანელმა აღნიშნა, გამოცემის ტირაჟი არის 500 ცალი, რომელიც სოფლებში ნაწილდება. ეს მცირე როდენობაა ინფორმაციის გავრცელების კუთხით. ჩვენ პრეტენზიები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თვეში ორჯერ გამოდის და ინფორმაციის ოპერატიულად გადაცემა ვერ ხერხდება. ვიცით, რომ ინტერნეტი ვითარდება სოფლებშიც. ჩვენ გვაქვს ვებგვერდი, რომლის განახლებას და გაძლიერებას ვაპირებთ და ამის საშუალებით ვფიქრობ, უფრო სწრაფად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მოსახლეობას. გადაწყვეტილება მიღებულია. შესაბამისი პროცედურებიდან გამომდინარე, თანამშრომლებზე გაიცემა კომპენსაცია, რაც მათ კანონიერად ეკუთვნით. მხოლოდ ამის მერე მოხდება ლიკვიდაცია.“

მისივე თქმით, ააიპ-ი 50 ათასი ლარით ფინანსდება და გამოთავისუფლებული თანხა, სხვა საკითხების მოსაგვარებლად გადანაწილდება.
„ლიკვიდაციის ერთ- ერთი მიზეზი თანხის გამოთავისუფლებაც იყო და ის გადანაწილდება სენსიტიურ თემებზე. მაგალითად, სამხატვრო და სამუსიკო სკოლაში ბავშვებს ცუდი პირობები აქვთ, მაქსიმალურად ვეცდებით ეს თანხები მივმართოთ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.“

„გურჯაანის მუნიციპალურ მაცნეში“ 9 თანამშრომელია დასაქმებული. როგორც ნიკოლოზ გეთიაშვილი ამბობს, მათ ვაკანსიების გამოცხადების შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.
„კვალიფიციური ხალხია, მათ ძალიან ვაფასებ, რამდენიმესთან ვმეგობრობ კიდეც, მაგრამ ფიზიკურად ვერ გვექნება სამსახური სამსახურის გულისთვის. იქნება ვაკანსიები და თუკი დააკმაყოფილებენ პირობებს, შევთავაზებთ მიიღონ კონკურსში მონაწილეობა.“

კომენტარისთვის ააიპ-ი „გურჯაანის მუნიციპალური მაცნის“ დირექტორს ასმათ ნიკოლაშვილსაც დავუკავშირდით, თუმც მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. ამავე დღეს, საკრებულოს სხდომაზე კენჭი უყარეს ააიპ „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნიადაგის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახურის“ ლიკვიდაციასაც. აღნიშნულ ორგანიზაციაში 19 თანამშრომელია დასაქმებული. დეპუტატების უმრავლესობამ ამ საკითხს მხარი დაუჭირა.
| Print |
FaceBook Twitter Google