საზოგადოება
გურჯაანში ა.ა.ი.პ. "მუნიციპალური სერვისიდან“ ექვსი ადამიანი გაათავისუფლეს
გურჯაანში, ა.ა.ი.პ "მუნიციპალურ სერვისში“ შტატები გაუქმდა და ექვსი სპეციალისტი სამსახურიდან გათავისუფლდა. როგორც speqtri.ge-სთან მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილმა განაცხადა, ცვლილება კადრების ოპტიმიზაციის მიზნით მოხდა.
-„რეალური საქმე, რაც გასაკეთებელი იყო, ამდენი ადამიანის დასაქმებას არ საჭიროებდა. სავარაუდოდ ამ ცვლილებით 30 000 ლარი თანხა დაიზოგა. გათავისუფლებული ადამიანები სპეციალისტები იყვნენ, რაც შეეხება ბუღალტრის ორ თანაშემწეს, ისინი ადგენენ ე.წ. ჩგდ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებს. სოფელში ვინც წყლის გადასახადს იხდის, თანხის შემოტანა და აღრიცხვა მათ ევალებათ. ბუღალტერი კი ადმინისტრაციულ საქმეებს აგვარებს. ვინც გათავისუფლდა ის სპეციალისტებიც ძირითადად ამ საქმეს აკეთებდნენ. დარჩენილი თანამშრომლები იყვნენ საჭირო ამ საქმისთვის. ვენდეთ მათ გამოცდილებას და გადავწყვიტეთ, რომ ისინი დარჩენილიყვნენ ამ კონკრეტული საქმისთვის. ადამიანების გათავისუფლება ჩვენთვისაც მტკივნეული პროცესია, მაგრამ თუ ამდენი თანაშრომელი საჭირო არ არის, სამწუხაროდ, ხელფასს ვერ გადავიხდით.“

ნიკოლოზ გეთიაშვილის ინფორმაციითვე, სხვა ა.ა.ი.პ- ების შესწავლაც მიმდინარეობს და ის პოზიციები, რომელიც საჭირო არ არის, გაუქმდება.

„თუ ვინმე რომელიმე ააიპში თავის მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებს, ან მათი ჩანაცვლება მოხდება, ან შტატი გაუქმდება. რაც შეეხება „მუნიციპალურ სერვისს“ მისი გაძლიერება უნდა მოხდეს სხვადასხვა მიმართულებით. დარჩენილი კადრი გადაინაწილებს ამ ფუნქციას, თუ სხვა კადრებით ჩანაცვლდება, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. არც ისაა ჩამოყალიბებული, რა მიმართულება გაძლიერდება. შესაძლოა, რამდენიმე ახალი თანამშრომელი ვიხილოთ. შემდეგში აუცილებლად დავაკვირდებით, როგორ იმუშავებენ ისინი. “

გასულ კვირას, გურჯაანში, ორი ა.ა.ი.პ დაიხურა, „მუნიციპალური მაცნე“ და “გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნიადაგის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახური”. როგორც მერის მოადგილემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ ორი ა.ა.ი.პ- ის ლიკვიდაციითა და „მუნიციპალური სერვისის“ ოპტიმიზაციით, ჯამში დაახლოებთ 150 000 ლარამდე თანხა დაიზოგება და სხვა ა.ა.ი.პ-ების განვითარებას მოხმარდება.

-„სავალალო მდგოამარეობაა რამდენიმე ააიპში, მაგალითად, მუსიკალურ და სამხატვრო სკოლებში, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში. იქ ბავშვები იღებენ განათლებას და მათ არანაირი პირობები არ აქვთ. ჩვენი მოვალეობაა მათთვის ბევრი რამ გავაკეთოთ და ხელი შევუწყოთ განვითარებას.“

| Print |
FaceBook Twitter Google