საზოგადოება
მოსახლეობა გურჯაანის ყოფილი საავადმყოფოს შენობის გაყიდვას ან დემონტაჟს ითხოვს
ქალაქ გურჯანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოს შენობა უკვე ექვსი წელია უფუნქციოდაა დარჩენილი. მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა საფრთხეებზე საუბრობს.
ისინი შენობის გაყიდვას ან დემონტაჟს ითხოვენ.

-„ამხელა შენობაა და პატრონი არ ჰყავს. ხან ვინ მოდის და ხან ვინ, შიგნით შედიან, რას აკეთებენ, ღმერთმა იცის. ხან შუაღამისას სროლის ხმაც ისმის, გარჩევები ხდება. პატრული მოდის, შემოუვლის და წავა ხოლმე. საფრთხეც არის და ცალკე სიბუნძურეცაა. ჩვენი თხოვნაა, ან დაანგრიონ ან გაყიდონ, ბავშვები გარეთ ვეღარ გაგვიყვანია.ზაფხულში კიდევ ქვეწარმავლების ბუდედ იქცევა ხოლმე“- გვითხრა ცისმარი გაბრუაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს ნუნუ ელაშვილიც.

„ქვეყნის მანქანები შედის და გამოდის, ხან მსუბუქი ყოფაქცევის ქალები მიჰყავთ, ხან ჩხუბობენ, ხან ისვრიან. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვისაც შენობა ეკუთვნის, ან რამე გახსნან ან კიდევ საერთოდ მოაშორონ, დაანგრიონ.“

საავადმყოფოს ყოფილი შენობა სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. როგორც speqtri.ge-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან წერილობით აცნობეს, ინვესტორის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში უწყება მისი პრივატიზების საკითხს განიხილავს. თუმცა რა ვადებში მოხდება ეს, არ აკონკრეტებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google