საზოგადოება
იმუნიზაციის კვირეული დაიწყო
სლოგანით: აცერი და დაიცავი! ვაქცინები მოქმედებს! -23-დან 29 აპრილის ჩათვლით საქართველოში იმუნიზაციის კვირეული ტარდება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, მედიისათვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმუნიზაციის ექიმმა ნონა შანიძემ განაცხადა, იმუნიზაცია ადამიანს იცავს ვაქცინაციით მართვადი დაავადებებით გამოწვეული ინვალიდობისა და სიკვდილისაგან, რომელთა შორისაა: დიფთერია, ყივანახველა, წითელა, წითურა, პნევმონია, ტეტანუსი და სხვა.
„ერთი კვირის განმავლობაში ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი გვაქვს ლექცია - საუბრების ჩატარება სკოლებში. განსაკუთრებით გამახვილდება ყურადღება წითელა - წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე. შევხვდებით ოჯახის ექიმებს და სოფლის მოსახლეობას. ეს ადამიანები პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან, მაგრამ არ იციან რა გართულება შეიძლება მოყვეს წითელას და წითურას. ყველაფერი დღეების მიხედვით გვაქვს გაწერილი. “

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ვაქცინებით მართვადი ინფექციებისაგან, აქედან 1,5 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვია; 250 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული B ჰეპატიტის ვირუსით;

ამავე სამსახურის ცნობით, საქართველოში 2017 წელს დაფიქსირდა წითელას 94 შემთხვევა, რომლის 13% მოდის ერთ წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე.



| Print |
FaceBook Twitter Google