საზოგადოება
ზურაბ ზვიადაური დავით ქევხიშვილს უპირისპირდება
ახმეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი და ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დავით ქევხიშვილს უპირისპირდება.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე წერს. ზვიადაური თელ-ავივში გამართულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს ეხმაურება და საქართველოს ნაკრების წარუმატებელ ასპარეზობაში ქევხიშვილს სდებს ბრალს.

-„მე როგორც ერთ-ერთი ძიუდოისტი და გულშემატკივარი მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე რა ხდება ძიუდოში! არ ვიცი საიდან დავიწყო. ამას ვამბობდი წლების უკან რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა, ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე.... შეიძლება კიდევ ის მომაწერონ რომ მე ინტერესი მაქვს ფედერაციის მაგრამ აქვე გავიმეორებ რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია გარდა კეთილდღეობისა! მინდა ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს როგორიც წლების უკან იყო! ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან! პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე! არ შეუქმნი პირობებს! იმის გამო რომ ფედერაციას ფული არ აქვს ეს ტყუილია! ფედერაციამ 6 თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს პლეხანოვის დარბაზში სასტუმროთი და კვებით...... აი თანხები სად მიდის ფედერაციიდან! გადაამოწმეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვეტს სპორტსმენს დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია!“- წერს ზურაბ ზვიადაური.

Speqtri.ge დავით ქევხიშვილთან დაკავშირებას ორი დღეა უშედეგოდ ცდილობს. ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ქევხიშვილმა ვიდეო სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა, სადაც სწორედ აღნიშნული ჩემპიონატის წარუმატებლობისა და მწვრთნელების პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს.

-„ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ გვეთქვა ჩვენი შეფასება ევროპის ჩემპიონატზე მიუღწეველ შედეგებთან და გეგმებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამას აქვს ბევრი მიზეზი, მაგრამ დღეს მოყოლას არ აქვს მნიშვნელობა. ყველასთვის მნიშვნელოვანია შედეგი, რომელიც დღეს სამწუხაროდ ვერ იქნა მიღწეული. ეს არის სპორტი და კარგად გვესმის შეიძლება ყოველთვის მოხდეს ასეთი რამ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პასუხისმგებლობას არ ვიზიარებთ. ვესაუბრე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რომელიც სრულად აცნობიერებს აღნიშნულ სიტუაციას ისიც და მთლიანად სამწვრთნელო შტაბიც.“- ამბობს ქევხიშვილი ვიდეომიმართვაში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა. საქართველოს ნაკრებს ამ დრომდე ირაკლი ცირეკიძე ხელმძღვანელობდა.
| Print |
FaceBook Twitter Google