საზოგადოება
„კეთილი იყოს შენი მობრძანება“ −ახალშობილებისთვის სასაჩუქრე პაკეტი გაუმჯობესდა
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სოციალური პროექტის − „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ − სასაჩუქრე პაკეტი უმჯობესდება.

უწყების ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარები − სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ახლა უკვე ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 20-ლარიან უფასო ვაუჩერებსა და 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათებსაც მიიღებენ. მათი განაღდება „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი. ახალშობილის მშობელი 20 ლარის ფარგლებში საფენებს ან ბავშვისთვის საჭირო სხვა ნივთს უფასოდ მიიღებს, 50-პროცენტიანი ვაუჩერით კი სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის ნახევარ ფასად შეძენას შეძლებს.

პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2016 წლის 17 ოქტომბრიდან იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილი ბავშვების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, იუსტიციის სახლის სასაჩუქრე ნაკრებსაც იღებენ.

სასაჩუქრე პაკეტის გამრავალფეროვნების შედეგად, ახალშობილების მშობლები შეძლებენ, თავად განსაზღვრონ, მათი შვილებისათვის რომელი ნივთებია პრიორიტეტული, რომელთაც სასაჩუქრე ვაუჩერით ან 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. პროექტის − „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ − ფარგლებში დღემდე სასაჩუქრე ნაკრები 4130 მოსარგებლეს გადაეცა. კვლევის თანახმად, პროგრამის ბენეფიციარების 68.35% საჩუქრით კმაყოფილი იყო; 6,84% მიიჩნევდა, რომ პაკეტი გაუმჯობესებას არ საჭიროებს; 24.81%-მა კი ბავშვთა ჰიგიენისა და მოვლის პროდუქტების დამატების სურვილი გამოთქვა.
| Print |
FaceBook Twitter Google