საზოგადოება
„რა? სად? როდის?“ გამარჯვებული მეორე საჯარო სკოლის გუნდი გახდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ საგაზაფხულო, მე-12 სერიის ფინალური ტური ჩატარდა.
გამარჯვებული და სპეციალური პრიზის „ბროლის ბუს“ მფლობელი გახდა გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის გუნდი "კრეაწივი".მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის თქმით,ფინალში 5 გუნდი მონაწილეობდა.
„ფინალში გავიდნენ, ჭანდრისა და ბაკურციხის, ასევე, ქალაქ გურჯაანის პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლების გუნდები. გამარჯვებული გუნდი ტრადიციულად ბროლის ბუს მფლობელი გახდა. გუნდის წევრებს საჩუქრად გადაეცათ სპორტკომპლექსის საცურაო აუზის აბონემენტები, წიგნები და სერტიფიკატები. გუნდის კაპიტანს - ნიკა ქურთიაშვილს კი გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა ბაქოს ორკაციანი საგზური გადასცა. სეზონის საუკეთესო მოაზროვნის პრიზი, მაღაზია „ბიბლუსის“ 100-ლარიანი ვაუჩერი ახაშნის საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანს - ვანო ლიპარტაშვილს ერგო. პლანშეტით დასაჩუქრდა ფინალური ტურის საუკეთესო გოგო მონაწილე, მე-4 საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანი ანი ჭყოიძე. კაპიტნების შეკითხვების გამარჯვებულს, ჭანდრის სკოლის გუნდის კაპიტანს ზეზვა ელიზბარაშვილს კი გურჯაანის სპორტკომპლექსის საცურაო აუზის აბონემენტი გადაეცა. გვინდოდა ფინალი განსხვავებული ყოფილიყო, ამიტომ ამ ღონისძიებისთვის ამბასადორი შევარჩიეთ.“
მეორე საჯარო სკოლის გამარჯვებულ გუნდ „კრეაწივის“ კაპიტნის ნიკა ქურთიაშვილის განმარტებით, თამაში ძალიან რთული იყო.
„პირველი ნახევრის მერე ნამდვილად არ მეგონა თუ წარმატებას მივაღწევდით, მაგრამ ბრძოლით ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა. ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემთვის ბოლო სასკოლო სერიაა. გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა წარმატების მიღწევას. მაგრამ ამჯერად, პირველ ოთხ ტურში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და მაღალი ქულები დავაგროვეთ.“
ფინალური თამაშის პირველი ნაწილის წამყვანი საქართველოს ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე იყო, მეორე ნაწილს კი კვლავ ინტელექტუალური თამაშის რედაქტორი და კითხვების ავტორი პაატა ჩახვაშვილი უძღვებოდა. თამაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.








| Print |
FaceBook Twitter Google