საზოგადოება
კიდევ ერთი აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად
დღეს გურჯაანში სკოლის მოსწავლებმა ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია კიდევ ერთხელ გამართეს. მსვლელობა მერიის შენობის წინ დაიწყო და სასამართლოსთან გაგრძელდა.
აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით, მოუწოდებდნენ ხალხს მათ გვერდით დამდგარიყვნენ და სამართლიანობის აღსადგენად ებრძოლათ. როგორც იქ შეკრებილებმა აღნიშნეს, თუკი საჭირო გახდება, აქციებს ყოველდღე გამართავენ.
მესამე საჯარო სკოლის მოსწავლის ანა ელიზბარაშვილის თქმით, ის არცერთი პარტიის მხარდამჭერი არ არის.
„ჩემი აქ მოსვლის მიზანი სამართლიანობის აღდგენაა. დათო სარალიძის ადგილას შეიძლება თითოეული ჩვენგანი ყოფილიყო. მინდა ყველას ვუთხრა, გამოვიდნენ და დადგნენ ჩვენს გვერდით, რათა მომავალში მსგავს სიტუაციაში ისინიც არ აღმოჩნდნენ. მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება კარგი მომავალი ჰქონდეთ.“
„დღეს იმისთვის ვართ აქ, რომ დავიცვათ სამართალი. სახლიდან გამოსვლისას არავის არ უნდა ეშინოდეს იმის, რომ უკან ვეღარ დაბრუნდება.“ -აღნიშნა თათა თიბილოვმა. შეგახსენებთ, რომ მსგავსი მხარდამჭერი აქცია გურჯაანში გუშინაც გაიმართა. აქცია ასევე მოეწყო კახეთის სხვა ქალაქებშიც.




| Print |
FaceBook Twitter Google