საზოგადოება
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის შესარჩევ კონკურსზე 17 სკოლის გუნდი შეირჩა
გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა კლუბების შესარჩევი კონკურსი დასრულდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები იღებდნენ მონაწილეობას. როგორც ჩვენთან საუბარში მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა განაცხადა, სულ 17 სკოლის გუნდი შეირჩა.
„მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა მონაწილეობდა და აქედან მხოლოდ 17 შეირჩა. პირველი შეჯიბრი ამ სკოლებს შორის ჩატარდება. ამის შემდეგ იქნება მერვედფინალი, მეოთხედფინალი და ფინალი. ეს გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში. პროექტის მიზანია გურჯაანს ჰყავდეს თავისი მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნაკრები.“
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ეს ყველაფერი მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფედერაციასთან ერთად კეთდება.
„პროექტი გატანილი იყო ტენდერზე და იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც საქართველოში ამ თამაშებს კურირებს. სცენარისტები, საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნაკრების წევრები არიან და იმ 17 გუნდებთან იმუშავებენ, რომლებიც შეირჩა. თითო სკოლასთან თითო წარმომადგენელი იქნება მიმაგრებული. ვფიქრობთ, ივნისის ბოლოს პირველი საჯარო კონცერტი გაიმართება, სადაც 17-ვე გუნდი გვაჩვენებს ნომრებს. ვინმემ მიკერძოებაში რომ არ ჩაგვითვალოს, ჟიურიც მხიარულთა და საზრიანთა ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ეს ყველაფერი გურჯაანის მერიისა და დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით კეთდება, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდებს ყველა წამოწყებაში.“
ეკა ცისკარაშვილის თქმით, სექტემბერში გურჯაანის ნაკრები დაკომპლექტდება. მასში გუნდებიდან შერჩეული საუკეთესო მონაწილეები გაერთიანდებიან, რომლებიც შემდეგში რეგიონალურ ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას.
| Print |
FaceBook Twitter Google