საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს- სურვილი, რომელიც ყველა სირთულეს გადალახავს...
გურჯაანი, თაყაიშვილის ქუჩა # 30 - უკვე შვიდი წელია აქ დღის ცენტრი "ხელი ხელს“ მდებარეობს. ბენეფიციარები დილას ადრიანად, ერთმანეთზე ზრუნვით იწყებენ.
თავის მოიწესრიგებენ, ერთად მიირთმევენ ყავას თუ ჩაის, შემდეგ კი შეთანხმებულად აკეთებენ საუზმეს.

37 წლის ნათია ბერძენიშვილი თავის მეუღლესთან ერთად დღის ცენტრში სამი წელია ცხოვრობს. 2 შვილი ჰყავს, ისინიც შშმ პირები არიან და მინდობითი აღზრდის პროგრამით სხვა ოჯახში იზრდებიან. ნათიას სხვა სურვილების გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი სურვილი აქვს. საკუთარი სახლი უნდა, სადაც მეუღლესთან და შვილებთან, 11 წლის მარიამთან და 5 წლის ნიკოლოზთან ერთად იცხოვრებს.

-„მინდა, ჩემი სახლ-კარი მქონდეს. ჩემს გემოზე ვიცხოვრო და შვილები გვერდით მყავდნენ. ახლა სოფელ ზეგაანში არიან, სხვის ოჯახში იზრდებიან. ჩემს მეუღლესთან ერთად სენაკშიც ვიცხოვრე, დუშეთშიც, თერჯოლაშიც, მაგრამ ყველაზე კარგად აქ, გურჯაანში ვიგრძენი თავი. ამ დღის ცენტრში ბევრი მეგობარი შევიძინე და მათ გარეშე ვერც კი წარმომიდგენია. ზოგან გვიყვიროდენ და გვეჩხუბებოდნენ ხოლმე, აქ კარგად გვექცევიან.“

ერთი წელი არც არის, რაც 35 წლის ნანა წერეთელი დღის ცენტრში ცხოვრობს. პროფესიით იურისტია და ადვოკატობაზე ოცნებობს. 2010 წლიდან წერს ლექსებს და ჩანახატებს. კრებულის გამოცემას აპირებს, სახელიც შერჩეული აქვს, „თეთრონი“ უნდა დაარქვას. წერს ყველაფერზე - სამშობლოზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე. გაგვიმხილა,რომ პოლიტიკური გეგმებიც აქვს და მომავალში პარტიის შექმნას აპირებს.

-„თავიდან ჩემს დასთან ერთად, თბილისში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. შემდეგ აქ მოვედი და ახლა ისე ვარ, როგორც საკუთარ ოჯახში. დილით თავს მოვიწესრიგებთ, შემდეგ ხან ჩაის მივირთმევთ, ხან - ყავას. ერთმანეთს ვუთანხმდებით, ვის რა უნდა და საჭმელს ისე ვაკეთებთ. თავისუფალ დროს ხან ვსაუბრობთ, ხან ვკითხულობთ, ხან ვწერთ. აქ ყველა ჩემი მეგობარია, ერთმანეთისგან არავის ვარჩევ. ხანდახან, მათ თუ ჩემდაუნებურად ვაწყენინებ, ამას ვნანობ ხოლმე და ბოდიშსაც ვიხდი.“

48 წლის თამარა ფითაევაც დღის ცენტრის „ხელი ხელს“ ბენეფიციარია. 5 წელია აქ ცხოვრობს და როგორც სხვების მსგავსად მისთვისაც აქაური გარემო უკვე მშობლიურივითაა. სამსახურიც აქვს, ის გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში მუშაობს.

-„სხვადასხვა ინტერნატში ვიცხოვრე, მაგრამ გული ვერსად გამიჩერდა. თავიდან აქ რომ მოვდიოდი, ბევრს ვფიქრობდი, როგორ შევეგუებოდი ახალ გარემოს. ნელ-ნელა შევეჩვიე, ახლა კი ძალიან მომწონს და არსად წასვლას არ ვაპირებ. ყველა თბილად მექცევა. სამსახურში, შესვენება რომ მაქვს, გული მაინც აქეთ მომიწევს და სადილად სახლში მოვდივარ. “

დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მეგობრები მალევე შეიძინეს. სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ვაჟა იმერლიშვილი მათ კვირაში ერთხელ მაინც სტუმრობს და ახლადშეძენილ მეგობრებს დიდი სიყვარულით მოიკითხავს ხოლმე.

-„ჩვენს სკოლაში რემონტი ტარდება და დროებით აქვე, კოტეხის სკოლაში ვსწავლობთ. როცა აქ ჩავივლიდი, წარწერას ვკითხულობდი ხოლმე „ხელი ხელს“. სულ მაინტერესებდა რა იყო და ერთხელაც ჩემმა მასწავლებელმა მომიყვანა. ბენეფიციარებთან მალევე დავმეგობრდი და კვირაში ერთხელ მაინც მოვდივარ ხოლმე.“

დღეს, 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დღეა. დღის ცენტრში „ხელი ხელს“, ყველა ბენეფიციარი თანხმდება იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მთავარი სურვილია, სურვილი, რომელიც ყველა სირთულეს გადალახავს.

ამბობენ, რომ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ 14 ივნისს არ უნდა ახსენდებოდეს. მათზე ზრუნვა ნიშნავს ადაპტირებული გარემოს შექმნას, სადაც გადაადგილება სხვების დახმარების გარეშე შეეძლებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შშმ პირები /