საზოგადოება
კოსტასავას ქუჩის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს დაიწყება
გურჯაანში, კოსტავას ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ,გადათხრილი გზები პრობლემებს უქმნით. იმის გამო, რომ არც სანიაღვრე არხებია, წვიმის დროს წყალი სახლებში უვარდებათ.
„გზა გაუბედურებული და დახრამულია. წვიმის დროს წყალი სახლში გვივარდება. ნიაღვარს ქვა-ღორღი სულ ჩვენს უბანში ჩამოაქვს. პატარა ტრაქტორით რამდენჯერმე გავიტანეთ ქვა, ძალიან ვართ უკვე შეწუხებული. გზას სჭირდება რეაბილიტაცია და ასევე აუცილებელია სანიაღვრეების მოწყობაც. ჩვენს ქუჩაზე მდებარეობს სკოლა და უამრავი მანქანა დადის. ბავშვების უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გზა მოწესრიგებული იყოს. გარდა ამისა, სიცხეში ისეთი მტვერი დგება ადამიანსსუნთქვა უჭირს,“-აღნიშნა ადგილობრივმა ლია ოსიაშვილმა.
ნუნუ იაძის თქმით, მოვარდნილი ნიაღვრის გამო ეზო და ბოსტანი მუდმივად ეტბორება.
„წვიმის დროს მუხლამდე წყალი დგება ეზოში და ბოტებით დავდივართ. არჩევნების წინ მოვიდნენ, ხმა მოგვეცით და გზას გავაკეთებთო, მაგრამ ჯერაც არაფერი დაუწყიათ. ქვიშა მეყარა ეზოში სულ წაიღო წყალმა შიშით ვეღარაფერი დამილაგებია. სანიაღვრეები აუცილებელია და უნდა გაკეთდეს, სხვანაირად არაფერი ეშველება. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენჯერმე მინდოდა მერთან შეხვედრა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემის მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხე.“
როგორც გურჯაანის მერიის ინფარასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ მუსალბიშვილმა განაცხადა, კოსტავას ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყობა.
„ასფალტი 1600 მეტრზე დაიგება. პროექტი რეგიონალური ფონდიდან ფინანსდება და ადგილობრივი ბიუჯეტი 13,5 % თანადაფინანსებით შედის. სანიაღვრეები არ არის გათვალისწინებული. ტროტუარებიც გარკვეულ მონაკვეთზე გაკეთდება. პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროშია გაგზავნილი და პასუხს ველოდებით. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ სადღაც სექტემბრის ბოლოს უნდა დაიწყოს სამუშაოები.“
ვლადიმერ მუსალბიშვილის განმარტებით, პროექტის ღირებულება 375 ათასი ლარია.

| Print |
FaceBook Twitter Google