საზოგადოება
ველისციხეში ძველი უბნებისა და მარნების რეაბილიტაცია იგეგმება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ძველი ისტორიული უბნებისა და ღვინის მარნების კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება. მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, სამუშაოებს სამშენებლო ფირმა „არსი“ განახორციელებს.
„სოფელში შემორჩენილია მე-XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები,რომლებიც ყურადღებას იქცევს ლამაზი ფასადებით და სხვადასხვა არქიტექტურული ფრაგმენტებით. მათი შენარჩუნება და რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია ტურისტების მოზიდვის მიზნით და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით. ასევე მრავლად არის ძველი ღვინის მარნები, რომლებიც საინტერესო ტურისტულ ობიექტებს წარმოადგენენ. პროექტის ფარგლებში მოხდება ძველი უბნების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. სოფელი ჩაჯდება ტურისტულ მარშრუტში. გურჯაანის მუნიციპალიტეტს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.“
მისივე თქმით, ასევე მუშაობა მიმდინარეობს სოფელ ჭერემის ნაქალაქარის აღორძინებისთვის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.



| Print |
FaceBook Twitter Google