საზოგადოება
შსს-ს ვერტმფრენი თელავში ავარიულად დაეშვა -არიან დაშავებულები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ "ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

უწყების ცნობითვე, ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ წუთებში სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულების მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება. იგი ადგილზე გაეცნობა მომხდარის დეტალებს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.

| Print |
FaceBook Twitter Google