საზოგადოება
ადგილობრივ ბიუჯეტს სასაფლაოების მოვლა-პატრონობისთვის ხარჯები არ გააჩნია
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოვლა პატრონობა ისევ ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა. ადგილზე მისულ ჭირისუფლებს ტერიტორია ბალახით და ეკალ-ბარდით დაფარული ხვდება.

როგორც ჩვენთან საუბარში ველისციხის მკვიდრმა ნინო გაბრუაშვილმა აღნიშნა, სასაფლაოს ტერიტორია უკვე წლებია არ გასუფთავებულა.
„ადრე მოდიოდნენ და მიცვალებულების დღესთან დაკავშირებით მაინც ასუფთავებდნენ, ბალახს თიბავდნენ. უკვე რამდენი ხანია ესეც აღარ ხდება. უპატრონო საფლავებიდან გადმოსული ბალახი, ბილიკებს ფარავს და ჩვენი მიცვალებულების საფლავებამდე მისვლა გვიძნელდება. აქაურობა ქვეწარმავლებით არის სავსე. იმხელა ბალახია, ვერც დაინახავ, რომ მოერიდო. იქნებ ვინმემ იზრუნოს ამაზე და პრობლემა მოაგვაროს. “

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის სიმონ ქოჩორაშვილის განმარტებით,  წელს ამისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში არანაირი თანხა არ არის განსაზღვრული.
„ გვაქვს მონახაზი, რის საფუძველზეც მომავალი წლის ბიუჯეტი დაიგეგმება ისე, რომ სასაფლაოების მოვლა-პატრონობაც კეთილმოწყობის სამსახურს დაევალოს. ამჯერად მოლაპარაკების რეჟიმში ვართ. გვინდა ყველაფერი ისე გავაკეთოთ, ვიღაცამ მარტო ხელფასი კი არ აიღოს, საქმეც ხარისხიანად შეასრულოს. ამ ეტაპზე გვყავს ბრიგადა, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული გრაფიკი და მოვალეობები და სასაფლაოების ბილიკებს ერთჯერადად ასუფთავებს. თუ სადმე ძალიან ცუდი მდგომარეობაა მათ ვავალებთ საქმის მოგვარებას. რაც შეეხება საფლავებს, ის თვითონ ჭირისუფლებმა უნდა მოაწესრიგონ. “

სიმონ ქოჩორაშვილის თქმით, სასაფლაოებს მარიამობისთვის დაასუფთავებენ, რათა ჭირისუფალს იქ მისვლა არ გაუჭირდეს.


| Print |
FaceBook Twitter Google