საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ლიტვაში მიემგზავრებიან
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ლიტვაში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრებიან.

როგორც ჩვენთან საუბარში საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი შაშიაშვილმა განაცხადა, დელეგაცია საქართველოდან 25 აგვისტოს გაემგზავრება.
„მივემგზავრებით ლიტვაში, პაკრუოისის მუნიციპალიტეტში. 25 აგვისტოს წავალთ და 28-ში დავბრუნდებით. ორი წლის წინ მათი წარმომადგენელი იყო ჩამოსული, რა დროსაც წინასწარი ხელშეკრულება გავაფორმეთ. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე მიგვიპატიჟეს, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო წასვლა ვერ შევძელით. როცა ჩავალთ, გაფორმდება მემორანდუმი. ეს იქნება ზოგადი თანამშრომლობა თვითმმართველობის საკითხებში: კულტურის, ეკონომიკის და სხვა კუთხით. კონკრეტულ თემებზე იქ შევთანხმდებით. ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში გაიმართება ორდღიანი ფესტივალი, სადაც დაპატიჟებული არიან მათთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები: გერმანიიდან, იტალიიდან ლიტვიდან, პოლონეთიდან და ა.შ. ეს ჩვენთვისაც კარგია, რადგან მათთანაც შეიძლება კონტაქტებზე გასვლა და მომავალში ურთიერთობის დაწყება.“

ირაკლი შაშიაშვილის თქმით, ლიტვაში მის გარდა მიემგზავრებიან: მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, საკრებულოს წევრი ლევან ხაზიური და ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ელგუჯა ქათამაძე.



| Print |
FaceBook Twitter Google