საზოგადოება
კალაურში, ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსში, არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსში მესამე კვირაა არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ჩვენთან საუბარში მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, კომპლექსი მეცხრე საუკუნით თარიღდება.

„სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დაახლოებით სამ ჰექტარზეა განთავსებული, სოფლის დასავლეთით, დაახლოებით ოთხი კილომეტრის დაშორებით, ტყეში მდებარეობს. ამჟამად მიმდინარეობს სასახლის და მისი კარიბჭის არქეოლოგიური კვლევები. კომპლექსში შედის სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც აშენებულია მეცხრე საუკუნეში ილარიონ ქართველის მიერ. სამონასტრო კომპლექსი გალავნით არის გარშემორტმული. მისი კარიბჭე მიწით იყო დაფარული და სწორედ მისი გასუფთავება და გახსნა მოხდა. სამუშაოების დროს აღმოჩენილი იქნა შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკა, რიყის ქვით მოწყობილი მაგიდები და სკამები. გამოიკვეთა კიდევ ერთი საინტერესო დეტალი დაახლოებით ოთხი კვადრატული მეტრი ფართობის შემაღლებული მოედანი, სადაც მეცნიერთა ვარაუდით წინამძღვრის დასაბრძანებელი სკამი იყო განთავსებული. გარდა სასახლისა, სხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებიც გვხვდება. ფიქრობენ, რომ მომავალში მოხდეს სასახლის კონსერვაცია და გადახურვა. არქეოლოგიური გათხრების პარალელურად ტაძარშიც მიმდინარეობს სამუშაოები. იატაკზე ქართული აგური იგება. სოფლის მოსახლეობის სურვილია სამონასტრო კომპლექსი მოქმედი გახდეს.“

თამაზ მარკოზაშვილის თქმით, კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2009 წელს მიენიჭა. არქეოლოგიური სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google