საზოგადოება
რა ეტაპზეა გურჯაანში ძაღლების თავშესაფრის მშენებლობის საკითხი

როგორც ცნობილია, გურჯაანში უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი უნდა აშენდეს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში speqtri.ge-ს განუცხადეს, რომ მშენებლობა საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს, რისთვისაც ფინანსების მოძიების აქტიურ კამპანიას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აწარმოებენ.

-„იაპონიის საელჩოში უკვე შეტანილი გვაქვს პროექტი და ველოდებით პასუხს დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულწილად შეგვეხიდება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. გურჯაანის მუნიციპალიტეტი შეირჩა იმიტომ, რომ გეოგრაფიულად ხელსაყრელია სხვა მუნიციპალიტეტებთან სიახლოვის თვალსაზრისით. კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი კახეთის რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის საერთო სიკეთე იქნება, შესაბამისად, წილობრივი ფინანსური რესურსის მობილიზება თითოეული მუნიციპალიტეტიდან გახდება საჭირო.“

როდის დაიწყება და როდის დასრულდება მშენებლობა, ამ კითხვაზე გუბერნიის ადმინისტრაციაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ.
-„მას შემდეგ, რაც იაპონიის საელჩოდან დაფინანსების თაობაზე ცნობილი გახდება პასუხი და მოხდება ფინანსური რესურსის მობილიზება, აღნიშნული პროექტის განხორციელება გონივრულ ვადებშიბ მოხდება.“

კახეთის რეგიონის მოსახლეობა უკვე წლებია უპატრონო ძაღლების პრობლემაზე საუბრობს, თუმცა საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია.



| Print |
FaceBook Twitter Google