საზოგადოება
"მეცენატმა"" პოლიტიკური პარტიებისთვის ტრენინგების ციკლი დაასრულა [Photo-Video]

სასტუმრო "ახაშენი ღვინის კურორტში" დასრულდა ტრენინგების ციკლი, რომელიც პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებას ისახავდა მიზნად.


ტრენინგები ოთხი კვირის განმავლობაში 20 პოლიტიკური პარტიის 96 წარმომადგენელს ჩაუტარდა. პროექტს ჟურნალისტთა ასოციაცია "მეცენატი", საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა. სემინარებს უძღვებოდნენ კვალიფიციური ტრენერები: ნანა იოსელიანი და შოთა სახვაძე. ცესკო-ს კონტრიბუციის ფაგლებში ერთ დღეს სესიას ატარებდა მამუკა კორაშვილი.

"ტრენინგში მონაწილეობას იღებდა 7 არაკვალიფიციური და 13 კვალიფიციური პარტიის 96 წარმომადგენელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების გზით მოხდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ინფორმირება, საარჩევნო კვალიფიკაციის ამაღლება, უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაძლიერება. მეცენატის მიერ ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ასეთი ტიპის აქტივობა, ზოგიერთმა მათგანმა ოფიციალური წერილითაც კი გადაგვიხადა მადლობა. მსგავსი პროექტი ხელს უწყობს პოლიტიკური დემოკრატიის გაძლიერებას, დემოკრატიული პროცესების განვითარებას, პოლიტიკური კულტურის დახვეწას და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას,"- აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა მაია ყალაბეგაშვილმა.

ოთხი დღის განმავლობაში, ტრენინგები წინასწარ განსაზღვრული მოდულის მიხედვით მიმდინარეობდა.

"თავიდან ბოლომდე ტრენინგები მეტად ინფორმაციული იყო. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს ცოდნა იმის შესახებ, თუ რა არის პოლიტიკური პარტია, როგორია მისი წესდება, სტრუქტურა და მენეჯმენტი, რას ნიშნავს პოლიტიკური კულტურა, ვიმუშავეთ პოლიტიკური კულტურის კომპონენტებსა და ფუნქციებზე, ისწავლეს როგორ უნდა შეიმუშაოვონ სტრატეგიები და ტაქტიკა, რას უნდა აკეთებდეს პარტია არჩევნების დროს. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ სესიებზე ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალგაზრდების რეკრუტირება, მოხალისეების მოზიდვა, მათი დამაგრება პოლიტიკურ პარტიაში, რადგან კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ 2017 წლის არჩევნებზე მოვიდა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ 51%. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინდიფერენტულობით, ნაკლები ნდობით არჩევნების მიმართ, ნიჰილიზმით, პასიურობით, გაუნათლებლობით და ა.შ. აუცილებელია სწორედ ეს ნაწილი გავააქტიუროთ, რათა მათ თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ."- გვითხრა ტრენერმა ნანა იოსელიანმა.

ტრენინგის მონაწილეების თქმით, სემინარზე ისეთი ინფორმაცია მიიღეს, რაც მანამდე მათთვის უცნობი იყო. მათივე განცხადებით, მსგავსი ტიპის ტრენინგები ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

"ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ მივიღეთ ინფორმაცია არჩევნების პროცედურებთან დაკავშირებით, უბნის გახსნიდან მის დახურვამდე. გავეცანით, თუ როგორ უნდა მოხდეს გადანაწილება კომისიის წევრების. მოახლოვებულია საპრეზიდენტო არჩევნები, შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები აქ მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებთ, არჩევნებს კი თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩავატარებთ."-აღნიშნა ტრენინგის მონაწილე ნონა მთიულიშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ტრენინგებზე განხილული იყო ისეთი მოდულები, როგორიცაა: ქალთა მონაწილეობის გაზრდის შიდაპარტიული მექანიზმი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმები, პერსონალისა და მოხალისეების მართვა, პარტიის როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში, არჩევნების საერთაშორისო გამოცდილება, კენჭისყრის პროცედურები და სხვ.

საკითხები დამფინასებელი ორგანიზაციის მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული, ხოლო ერთი მოდული განმახორციელებელმა ორგანიზაციამ შეარჩია.

 

 

| Print |
FaceBook Twitter Google