საზოგადოება
გურჯაანში გარევაჭრობა აიკრძალება
საკრებულოს მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის შესახებ იმსჯელეს.

როგორც ჩვენთან საუბარში საკრებულოს წევრმა, ლევან ხაზიურმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიზანია სურსათის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ფეხით მოსიარულეთათვის გადადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება.
„საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარევაჭრობის წესის დამტკიცების შესახებ. ამ პროექტით გარევაჭრობა დაშვებულია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ქალაქ გურჯაანისა, დადგენილებით განსაზღვრული ადგილებიდან 20-მეტრიანი რადიუსის დაშორებით, ხოლო სადღესასწულო დღეებში გარევაჭრობა დაშვებულია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების უფროსის რამაზ ქიტიაშვილი განმარტებით, გარევაჭრობის რეგულირების წესი ძალაში დაახლოებით ერთ კვირაში შევა.
„მოხდება გარემოვაჭრეების გაფრთხილება. თუ არ გაითვალისწინეს დაჯარიმდებიან შსს-ს თანამშრომლების მიერ. გასაჩივრების შემთხვევაში საკითხს სასამართლო განიხილავს. ჯარიმა პირველ შემთხვევაში იქნება 20-დან 50 ლარის ოდენობით, განმეორებით კი 50-დან 100 ლარამდე. ასევე მოხდება დარღვევის ნივთის კონფისკაცია.“

მისივე თქმით, გარემოვაჭრეებს მერია მომდევნო კვირიდან გააფრთხილებს.



| Print |
FaceBook Twitter Google