საზოგადოება
სოფელ შაშიანის საბავშვო ბაღს სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები გადასცეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საბავშვო ბაგა-ბაღს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაარბიეს, სკოლამდელამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანებამ და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სათამაშოები და ინვენტარი გადასცეს.

როგორც ჩვენთან საუბარში შაშიანის ბაღის მენეჯერმა ნანა აბაშიძემ აღნიშნა, მომხდარი ფაქტის შემდეგ ამგვარი საჩუქარი მნიშვნელოვანი იყო.
„იმდენად ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ბაღისთვის სულის ჩამდგმელია. მომხდარის შემდეგ დაზიანდა ყველაფერი საკანცელარიო მასალა, ჭურჭელი, მეთოდური მასალა , სათამაშოები და ა.შ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც გვერდში დაგვიდგა, ასევე ჩემს თანამშრომლებს, რომლებმაც იმისთვის რომ სააღმზრდელო პროცესი არ ჩაშლილიყო, შეუძლებელი შეძლეს. დღეს ყველაფერი წესრიგშია. გარდა ამისა, გარეშე პირებმა გადმოგვცეს საჩუქრად მუსიკალური ცენტრი და გაზქურა. ამიტომ 17 სექტემბერს ბაღი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას.“

სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მთავარი სპეციალისტის შორენა ფროდიაშვილის თქმით, ბაღს 600 ლარის ჭურჭელი და საკანცელარიო საქონელი გადაეცა.
„ყველაფერი დამტვრეული იყო. აქედან გამომდინარე გაერთიანებამ იზრუნა ამაზე და ბაღს გადაეცა საკანცელარიო საქონელი და ჭურჭელი, ასევე ოთხივე სააღმზრდელო ჯგუფისთვის მორჩენილი თანხებით შეძენილი სათამაშოების ნაკრები.“

შეგახსენებთ, რომ სოფელ შაშიანში მდებარე საბავშვო ბაღი გასულ კვირას დაარბიეს. არასრულწლოვნებმა შენობაში არსებული ძირითადი ინვენტარი სრულად გაანადგურეს.





| Print |
FaceBook Twitter Google