საზოგადოება
ხვალ თელავში მოსახლეობის მასშტაბური კვლევის პრეზენტაცია გაიმართება
ხვალ, 21 სექტემბერს, თელავში, მოსახლეობის მასშტაბური კვლევის დაწყებასთან დაკავშირებით სასტუმრო „ძველ თელავში“ პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაცია, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე თინათინ ბაუმი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კახეთის სტატისტიკის ბიუროს უფროსი ლევან ჯანდიერი, „საქსტატის“ წარმომადგენელი, ცოტნე ბალახაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა გაუძღვებიან.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად მოსახლეობის მასშტაბურ კვლევას იწყებს. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომლის მიზანია საქართველოში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება.

კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. იგი ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 14,000-ზე მეტ ოჯახთან ინტერვიუებს, სასმელი წყლის ხარისხის დადგენას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმებას.

კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თელავი / კვლევა /