საზოგადოება
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ალავერდში 24 სექტემბერს ჩამოაბრძანებენ
24 სექტემბერს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ალავერდის მონასტერში ჩამოაბრძანებენ. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სიწმინდე მონასტერში ორ დღეს დარჩება და მორწმუნეებს მოლოცვა 26 სექტემბრამდე შეეძლებათ.

ამის შემდეგ კახეთის დედოფლის წმინდა ნაწილებს ეროვნულ მუზეუმში გადაააბრძანებენ, ხოლო სიწმინდე 28 სექტემბერს, გამთენიისას საქართველოს დატოვებს და ინდოეთში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ინდოეთიდან ერთი წლის წინ, 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს. თავდაპირველად სიწმინდე 6 თვით უნდა დარჩენილიყო, თუმცა შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნით კიდევ 6 თვით დატოვეს. წმინდა ქეთევან დედოფალი ქრისტიანული სარწმუნოებისთვის შაჰ-აბასის ბრძანებით 1624 წლის 26 სექტემბერს აწამეს. ეს დღე წმინდანის ხსენების დღედაა დაწესებული.

დედოფლის საფლავი 2006 წელს ინდოელ არქეოლოგებთან და ექსპედიციის წევრებთან ერთად, ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ აღმოაჩინა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთის არქეოლოგიის სამსახურის კოლექციაშია დაცული.




| Print |
FaceBook Twitter Google