საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში გადადის
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის, - შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ინიციატივა საქართველოს მთავრობამ დღეს მოიწონა.
„დღეს მთავრობამ განიხილა შს სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი, რომლის თანახმადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით გადადის შს სამინისტროს დაქვემდებარებაში. ეს ცვლილებები განპირობებულია მცირე მთავრობის კონცეფციიდან გამომდინარე, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა უწყების სტრუქტურული რეფორმები განხორციელდა. მიმდინარეობს ასევე მუშაობა და დაგეგმილია ახალი უშიშროების საბჭოს შექმნა, რომელსაც ექნება პოლიტიკის შემუშავების ნაწილში გარკვეული კომპეტენციები, ანუ ის, რაც ნაწილობრივ ჩვენს სამსახურს აქვს. სწორედ ამიტომ განხორციელდება აღნიშნული ცვლილებები. ჩვენ ვფიქრობთ, ეფექტურობა შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაიზრდება“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შალვა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარე წელს განხორციელდა. 1 იანვრიდან, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდა. შეიქმნა ახალი სტრუქტურა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაექვემდებარა.
| Print |
FaceBook Twitter Google