საზოგადოება
ვეჯინში, ჩუმლაყსა და ახაშენში გზის რეაბილიტაცია შეჩერდა - კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა
"ბილდინგ დეველოპმენტ გრუპს", რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ჩუმლაყსა და ვეჯინში გზის რეაბილიტაციას ახორციელებდა, მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა.
პირობების თანახმად, სამივე სოფელში კომპანიას ჯამში სულ 1 მილიონ 83 ათას 385 ლარის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. რეაბილიტაცია 23 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 90 000 ლარის სამუშაოებია შესრულებული.

-„ტენდერი გამოცხადებული იყო ორ ლოტად, ჩუმლაყი- ახაშენის გზა- ერთი და მეორე ვეჯინის გზა. ჯამში სულ 1 მილიონ 83 ათას 385 ლარის სამუშაოები იყო შესასრულებელი. სამუშაოები მიმდინარეობდა შეფერხებით. კომპანიამ ყველა გრაფიკი დაარღვია. ვთხოვდით, მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეესრულებინათ ვალდებულება. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მოსახლეობა მტვერში იყო, იქ ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არ იყო დამოუკიდებელი. შევხვდი მოსახლეობას, ყველას უნდოდა პრობლემის მოგვარება. აუცილებლად მივმართავთ, რომ კომპანია გააშავონ, რათა სხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც არ აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში. სამივე გზაზე ავანსი გადარიცხული იყო 400 000 ლარამდე. გვაქვს საბანკო გარანტია და თანხა უკან დაგვიბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია არაკეთილსინდისიერი შემსრულებელია, რაღაც სამუშაოები მაინც აქვს შესრულებული. ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამსახური დაითვლის, ვვარაუდობთ, რომ 90 000 ლარამდეა შესრულებული, ანუ მთლიანი ხელშეკრეულების 8.53%. გამოვაცხადებთ ახალ ტენდერს. მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ამ წელში ბოლომდე იქნება მიყვანილი სამუშაოები, მინდა მათ ბოდიშიც მოვუხადო.“- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა speqtri.ge-სთან.

რატომ ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება კომპანიამ, ამ საკითხზე ჩვენ "ბილდინგ დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელს თამარ მჭედლიშვილს დავუკავშირდით. მან კომენტარი არ გააკეთა და მეილზე კითხვების გადაგზავნა მოგვთხოვა. ამ დროისთვის კომპანიისგან პასუხს ველოდებით, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

| Print |
FaceBook Twitter Google