საზოგადოება
გურჯაანის მერია შეჩერებული საგზაო სამუშაოების გასაგრძელებლად ახალ კომპანიას ეძებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ახაშენში, ვეჯინსა და ჩუმლაყში შეჩერებულ გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ბაზრის კველვა დაიწყო. მერი არჩილ ხანდამაშვილი დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებთან ერთად მშენებლებს შეხვდა.
-„ბაზრის კვლევამ უნდა გვაჩვენოს, რამდენად რეალურია დარჩენილი სამუშაოების ამ ხარჯთაღრიცხვით შესრულება. რა თქმა უნდა, შენიშვნები უნდა გავითვალისწინოთ. ზაფხულის შემდეგ სამივე სოფლის მოსახლეობა მტვერშია, რაც აუტანელია. მოგეხსენებათ, ხელშეკრულება შევუწყვიტეთ კომპანია „ბილდინგ დეველოპმენტ გრუპს“. გადარციხულ ავანსს 400 000 ლარამდე თანხას ბანკი რამდენიმე დღეში უკან დაგვიბრუნებს. მოვითხოთ გამარტივებულ შესყიდვას, ეს ნიშნავს სწრაფად რეაგირებას, რათა ამ წელში მოსახლეობას აუცილებლად მოვუხსნათ პრობლემები. ბაზრის კვლევის შედეგად შეიძლება გამოვლინდეს რამდენიმე კომპანია, ან ისევ ერთი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწრაფად დამთავრდეს სამუშაოები. რა თანხაც არის გამოყოფილი, აუცილებლად იმ თანხაში უნდა ჩავეტიოთ, მშენებლებსაც ეს ვუთხარი. კომპანიები რამდენიმე დღეში მოგვაწვდიან წინადადებებს.“-განაცხადა მერმა.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა „ქეი ქონსაქშენის“ დირექტორი თამაზ ჭიჭინაძე, რომლის კომპანიაც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფელ მუკუზანში ახორციელებს.

„ჩვენ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად სწრაფად გავეცნობით ადგილზე არსებულ მდგომარეობას. დაველაპარაკებით მოსახლეობას და ვნახავთ აღნიშნულ გზას. გადავხედავთ ხარჯთაღრიცხვას, რა სამუშაოებია ჩასატარებელი და როგორ. შემდეგ ჩვენ წინადადებას წარმოვუდგენთ მერიას. მზად ვართ დავეხმაროთ ადგილობრივ თვითმმართველობას პრობლემის გადაწყვეტაში. უბრალოდ, როგორ მოგვცემს საშუალებას ამინდები, მაგის მიხედვით ვეტყვით, წელს მოვჩებით სამუშაოებს თუ გადავალთ მომავალ წელს. ამ ეტაპზე იმას მაინც შევძლებთ, მოსახლეობა მტვერსა და ტალახში აღარ იყოს, ასფალტი დავუგოთ, სანიაღვრეებსა და ბეტონის საფარს მომავალი წლისთვის მოვრჩებით. პასუხი რამდენიმე დღეში გვეცოდინება.“-აღნიშნა მან.

ცნობისთვის, "ბილდინგ დეველოპმენტ გრუპს", რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ჩუმლაყსა და ვეჯინში გზის რეაბილიტაციას ახორციელებდა, მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა.
პირობების თანახმად, სამივე სოფელში კომპანიას ჯამში სულ 1 მილიონ 83 ათას 385 ლარის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. რეაბილიტაცია 23 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 90 000 ლარის სამუშაოებია შესრულებული.

| Print |
FaceBook Twitter Google