საზოგადოება
"სადაც არ უნდა გათხარო ყველგან შეგიძლია გათხარო“ - ჭანდარში ზურაბიშვილის ნათქვამი გაითვალისწინეს
ამხანაგობა „კავთამ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში, ე.წ. "უროიანის“ უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე დაიწყო და გზის ნაწილი გადათხარა.
კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა და დოკუმენტაციის წარსადგენად ხუთდღიანი ვადა მიეცა , თუმცა აღმოჩენილი ხარვეზის გამო თვითმმართველობამ ხელშეკრულება აღარ გაუფორმა.

-„გადათხარეს, მერე თავი დაანებეს და წავიდნენ. მიზეზი რა არის, ჩვენ ვინ გვეტყვის, ალბათ სალომე ზურაბიშვილმა რომ თქვა, ყველგან შეიძლება გათხრაო ეგ გაითვალისწინეს და გათხარეს. იმედია , რამე გვეშველება და ისე არ დატოვებენ.“- ამბობს ჭანდარში მცხოვრები გოჩა ნადაშვილი.

ადგილობრივები გზის რეაბილიტაციის დროულად გაგრძელებას ითხოვენ.

-„სექტემბერში გადათხარეს და ასე დატოვეს. როდემდე უნდა ვიყოთ ამ სიტუაციაში?! სოფელში გამგებლის წარმომადგენელი ვნახე და მან მითხრა მალე გაგრძელდება პროექტიო. ამბობენ, კომპანია სხვაგან წავიდა და იმიტომ აღარ გაგრძელდა სამუშაოებიო. ველოდებით რა იქნება.“-ამბობს ციალა მეფარიძე.

როგორც speqtri.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ლადო მუსალბიშვილმა განუცხადა, სამუშაოები სოფელ ჭანდარში უახლოეს მომავალში დაიწყება და მას კომპანია „ლაგოდეხ ავტო-გზა შეასრულებს.“

-„ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა ამხანაგობა „კავთამ“. კანონმდებლობის შესაბამისად, ხუთდღიანი ვადა აქვს ხელშეკრულების მომზადების პროცესს. კომპანია ამ ვადას არ დაელოდა, ჩათვალა რომ გამარჯვებული იყო და თავისი ინიციატივით უმნიშვნელო სამუშაოები შეასრულა. დღენახევარი იმუშავა ტრაქტორმა და რაღაც ნაწილი გადათხარა. „კავთამ“ შესაბამისი დოკუმენტი ხუთი დღის ვადაში ვერ წარმოადგინა, რის გამოც სისტემამ ავტომატურად გამოთიშა და გამოვლინდა შემდეგი პრეტენდენტი შპს „ლაგოდეხ ავტო-გზა“. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, დღედღეზე დაიწყება სამუშაოები. არანაირი საფრხთე არ ემუქრეება პროექტს და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.“

ცნობისთვის, აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 389 000 ლარია გათვალისწინებული. მოასფალტებას ადგილობრივები უკვე წლებია ითხოვენ.

| Print |
FaceBook Twitter Google