საზოგადოება
როგორ აფასებენ პარტიები წინასაარჩევნო გარემოს გურჯაანში არჩევნებამდე ცხრა დღით ადრე
საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღეღა დარჩა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გურჯაანში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და მოსახლეობის დაშინების ფაქტებზე საუბრობენ, თუმცა, მმართველი გუნდი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილი ძირითადად სააგიტაციო მასალების დაზიანებაზე და მოსახლეობის დაშინების ფაქტებზე საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში მასიურად ხდებოდა თავდასხმები საარჩევნო შტაბებზე და აზიანებდნენ ბანერებს.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ჩვენი კანდიდატის მზარდი რეიტინგი აფრთხობს. სოფლებში კარდაკარის დროს გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც კადრში გამოჩენას ერიდებიან, იმის გამო, რომ დახმარება არ მოუხსნან, ან მათ შვილს საჯარო სამსახურში პრობლემა არ შეექმნას. მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სკოლის და ბაღის პედაგოგებს ხუთკაციან სიებს სთხოვენ, რომლებიც მათ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება სერიოზულ პანიკაშია. “

ადგილობრივი რესურსების გამოყენებაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ღვინიაშვილიც. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობისგან მუქარით ცდილობენ სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერად ხმების მოპოვებას.
„ ხელისუფლება არ ღალატობს ჩვეულ წესს. არის ადგილობრივი რესურსის გამოყენების მცდელობა. გვაქვს ინფორმაცია, რომ იბარებენ პედაგოგებს და ავალებენ ხალხის მოზიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურის დატოვებით ემუქრებიან. ასევე სოფლებში დადიან, საჯარო მოხელეებს ხვდებიან და პირდაპირი მუქარით აიძულებენ ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს . თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსახლეობასთან ურთიერთობის პრობლემა არ გავქვს. ხალხი ჩვენს წარმომადგენლებთან თვითონ თხოულობს შეხვედრას. მეშვიდე წელია ესენი არიან ხელისუფლებაში და ამ ხნის განმავლობაში ქვეყანა უკან მიექანება. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ამას დიდხანს არ მოითმენს. “

„შენების მოძრაობის“ გურჯაანის წარმომადგენლის ზვიად ყვირლაშვილის განმარტებით, წინასაარჩევნო კამპანია ართანაბარ პირობებში მიმდინარეობს, რადგან ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს იმ ბერკეტებს, რაც გააჩნია.
„როდესაც ხელისუფლება მეორე ვადით ცდილობს მოსვლას, ყოველთვის თავს იჩენს არადემოკრატიული არჩევნების პრინციპები. თუ ამ პოზიციიდან შევხედავთ, მაშინ არჩევნები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ეს არის ტრადიციად ქცეული წინასაარჩევნო გარემოებები. ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს იმ ბერკეტებს რაც გააჩნია. საჯარო სივრცეში დასაქმებულ ადამიანებს სთხოვენ ხმა მისცენ სახელისუფლებო კანდიდატს . გარდა ამისა, კიდევ ხუთი -ექვსი ადამიანის პასუხისმგებლობის აღებას სთხოვენ დამოწმებული ფაქტებით: ეს იქნება ტელეფონით გადაღებული შემოხაზული ბიულეტენები, თუ სხვა რამ. გარდა ამისა, ხდება ჩვენთან შეხვედრაზე გამოსული ადამიანების დაბარება, დაშინება. ეს არის ადამიანის თავისუფალი ნების წართმევა. დაშინებული ადამიანები ცდილობენ შეინარჩუნონ სამსახურები თუნდაც ქვეყნის ვერ განვითარების ხარჯზე. დავით უსუფაშვილს პოლიტიკური საქმიანობის უზომოდ დიდი გამოცდილება აქვს, სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდება დღეს ქვეყანას. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მე ვერცერთს ვერ ვთვლი მის საპირწონედ.“

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების არგუმენტებს არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის შეხვედრების კოორდინატორი კოტე ბერიძიშვილი. როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში განაცხადა, ბრალდებები აბსურდულია და აქეთ ოპოზიცია ცდილობს არჩევნებში ხელის შეშლას.
„წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით პატარა უზრდელურ გამოხდომებს ოპონენტების მხრიდან , ძირითადად კი „ნაციონალური მოძრაობიდან“. სახელმწიფო რესურსის გამოყენება სერიოზული ბრალდებაა, ფაქტებია საჭირო და არა უბრალოდ ლაპარაკი. ერთი ფაქტიც რომ ჰქონოდათ, აქამდე ყირაზე დააყენებდნენ ყველაფერს. არც ერთი კანდიდატის უფლებები არ იზღუდება, გარდა ჩვენი. როცა სალომე ზურაბიშვილთან იყო შეხვედრა, „ნაციონალური მოძრაობა“ მობილიზებული იყო. არეულობა უნდოდათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ არაფერი გამოუვიდოდათ. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობა ღრმად არის დარწმუნებული, რომ იმ დროში დაბრუნება აღარ შეიძლება, სადაც ბაქრაძეები, ვაშაძეები, ბოკერიები და სააკაშვილები მეფობდნენ.“

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის სულ 25 კანდიდატი იბრძვის.
| Print |
FaceBook Twitter Google