საზოგადოება
გურჯაანის მერია დიალეზზე მყოფ პირებს ტრანსპორტირების თანხას ორი თვეა აღარ უნაზღაურებს
გურჯაანის ადგილობრივ ბიუჯეტში დიალეზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯი გათვალისწინებულია. თუმცა აღნიშნულ პირებს ორი თვეა მერია მგზავრობის თანხას აღარ ურიცხავს.
მუნიციპალიტეტში ასეთი სულ 70-მდე ბენეფიციარია, მათი ყოველთვიური დაფინანსება კი დაახლოებით 2240 ლარს შეადგენს.
-„დიალეზის მკურნალობის პროგრამაში გურჯაანის მუნიციპალიტეტში 70 -მდე ბენეფიციარია ჩართული. მათ ტრანსპორტირების ხარჯი ეძლევათ. ღირებულება დამოკიდებულია დიალეზის ჩატარების ადგილიდან საცხოვრებელ ადგილამდე დაშორებულ მანძლზე. ნამდვილად იყო შეფერხება, მაგრამ დღეისთვის უკვე ამოწურულია. მათ აღნიშნული თანხა აუცილებლად ჩაერიცხებათ. ვერ გეტყვით ფინანსური შეფერხება რამ გამოიწვია. მთლად ასეც ვერ ვიტყვით, რომ ბიუჯეტში ფული აღარ არის, თუ აღარ იყო, მაშინ ვერც მოხდებოდა პრობლემის აღმოფხვრა.“- განაცხადა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო ქუმსიაშვილმა.

საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის თქმით, შეფერხება თანხების კვარტალურმა განაწილებამ გამოიწვია.
„ბიუჯეტში თანხების კვარტალური განაწილება ხდება. მესამე კვარტლის შედეგებით ჩვენ ვერ მოვახდინეთ დიალეზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების თანხების გაცემა. დაიწყო მეოთხე კვარტალი, თანხები გვაქვს და განაცდური თვის ანაზღაურება მოხდება მეოთხე კვარტალში. მათ ეს ფული არ დაეკარებათ“.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დიალეზი / თანხა /