საზოგადოება
სოციალურად დაუცველი ბავშვები ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ
სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, რომლებშიც ბავშვები იზრდებიან, ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომელსაც სახელმწიფოსგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა არის შესაცვლელი და იუნისეფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა. შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. 50 ლარამდე ავწევთ ამ სოციალურ მხარდაჭერას, შესაბამისად აღნიშნული ინიციატივა შეეხება ჩვენს 140 ათასამდე ბავშვს. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბავშვები ყველაზე მეტად იყვნენ დაცული ჩვენს საზოგადოებაში, მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები და ღირსეული პირობები.“

16 წლამდე ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება 50-ლარიან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ, საიდანაც 20 ლარი ფულადი ბენეფიტი,ხოლო 30 ლარი კვების ვაუჩერი იქნება.


| Print |
FaceBook Twitter Google