საზოგადოება
2019 წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება გაიზრდება
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ პლენარულ სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის განხილვისას იმ მთავარ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც მომავალ წელს საქართველოს რეგიონებში განხორციელდება.

როგორც მან განაცხადა, მომავალი წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება 107 მილიონი ლარით გაიზრდება.

"107 მილიონი ლარით ვზრდით მუნიციპალიტეტების დაფინანსებას, აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ვზრდით რეგიონების გაზიფიცირების დაფინანსებას, მუნიციპალიტეტების მიერ სკოლების და ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყოფა 120 მილიონი ლარი, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დამატებით 50 მილიონი ლარი, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამის დივერსიფიკაციისა და ცალკეულ რეგიონებში კონკრეტული პროექტების დაფინანსების მიმართულებით გათვალისწინებულია 4-ჯერ მეტი დაფინანსება წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაფინანსდება ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე ყველა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები აბონენტი.  2019 წლის ბიუჯეტის პროექტს ახლავს დამატებით ორი დოკუმენტი. ეს არის საბიუჯეტო და თვითმმართველობის კოდექსებში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შემოდის ახალი ფორმულირება, ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მუნიციპალიტეტები მომავალი წლიდან მიიღებენ მეტ ფინანსურ მხარდაჭერას განვითარებისთვის და იმ ამოცანების სრულფასოვნად საპასუხოდ, რომელიც დგას ადგილებზე. “

მისივე თქმით, კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მათ ყოფას და ყოველდღიურ ცხოვრებას.


| Print |
FaceBook Twitter Google