საზოგადოება
თელავის #8 საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლები შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ
თელავის მერვე საბავშვო ბაგა ბაღში იატაკი ამორტიზებულია, დაბზარულია კედლები და მოძველებულია ინფრასტრუქტურა. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელების მშობლები შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ.
მათ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს.

,, სველი წერტილები და სამზარეულო მოწესრიგებულია, თუმცა ამას ვერ ვიტყოდით იმ ოთახებზე, სადაც ჩვენ შვილებს თითქმის ნახევარი დღის გატარება უწევთ. ჭერი ძალიან ძველია, კედლები დაბზარულია და იმდენად არის გაფუჭებული, რომ ნალესი სცვივა. შესაცვლელია იატაკიც, პარკეტი ალაგ-ალაგ აყრილია, ასევე ბავშვებს არ აქვთ სათამაშოები,“- აცხადებენ მშობლები.

თელავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თინათინ ხანჯალიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს.

მომავლი წლის ბაღების გაერთიანების ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია, წიგნების, სათამაშოებისა და ავეჯის შეძენა.

-" მერვე ბაგა ბაღის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და  მის კაპიტალურად შერემონტებას სერიოზული თანხები სჭირდება. იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები და ამაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ყველა ბაღში შევიტანეთ ახალი ჭურჭელი, გამოიცვალა სამზარეულოს ინვენტარიც. ამჟამად მერვე ბაღში მიმდინარეობს სასაწყობე ოთახის რესტავრაცია, რათა საუკეთესო პირობებში ინახებოდეს საკვები. 2019 წელს პირადად ბაღების გაერთიანების ბიუჯეტში გაწერილია თანხები ყველა საბავშვო ბაღისთვის ახალი წიგნების, სათამაშოების და ავეჯის შესაძენად და მათ შორის იქნება მერვე ბაღიც. ასევე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც ბაღებში ატრაქციონების მონტაჟს დაიწყებს. დაახლოებით ორ კვირაში მერვე ბაღის ეზოში განთავსდება კიდევ ერთი ატრაქციონი,"- ამბობს ხანჯალიაშვილი.



| Print |
FaceBook Twitter Google