საზოგადოება
შესაძლოა მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა გაიზარდოს
საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა და მთის კანონით დაწესებული შეღავათებით მოსარგებლეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.


უწყების ინფორმაციით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს გადახედავს. შეფასდება კანონის მიერ მოტანილი სარგებელი და შემუშავდება შემდგომი სამოქმედო გეგმა, მათ შორის კანონის მოქმედების არეალის გაფართოების კუთხით.

საბჭოს სხდომაზე დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი შეიქმნება. ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების შემუშავება და მომდევნო სასწავლო წლისთვის მომზადება მთის ფონდიდან დაფინანსდება.
გარდა ამისა, საქართველოში დაწესდება მთის კვირეული, რომელიც ხელს შეუწყობს მთისა და მთის კურორტების განვითარებას და იქ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე ეფექტურ რეაგირებას.

მაღალმთიანი დასახლებების შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე 1730 დასახლებას მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, სადაც მცხოვრები 243 000 მოქალაქე კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათით სარგებლობს.



| Print |
FaceBook Twitter Google