საზოგადოება
სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა აშენდება
სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა აშენდება. მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად საძირკველში, სიმბოლურად, კაფსულა ჩაიდო.
დღეს სიღნაღში იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი.

უწყების ინფორმაციით,  პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. სიღნაღის სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, შენობაში მეხანძრე-მაშველებისთვის სატრენაჟორო დარბაზის მოწყობაც არის დაგეგმილი.

‘’ეს იქნება გარკვეული საზოგადოებრივი სივრცე, რომლითაც სარგებლობა არა მხოლოდ მეხანძრე-მაშველებს, არამედ მოხალისეებსაც შეეძლებათ’’-განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სიღნაღში სახანძრო-სამაშველო დეპო არ არსებობდა. სიღნაღის მუნიციპალიტეტს აღნიშნული დეპო 2019 წლის სექტემბრიდან მოემსახურება. სახანძრო-სამაშველო შენობის არქიტექტურა ქალაქის იერსახის შესაბამისი იქნება. ახალი შენობის გახსნისთანავე, განახლდება სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტოპარკი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სიღნაღის მოსახლეობა ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google