საზოგადოება
სტიქიური ნაგავსაყრელი ანაგაში - მოსახლეობა ნაგვის ბუნკერების განთავსებას ითხოვს
ხევი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგას ორ ნაწილად ჰყოფს, წლებია სტიქიურ ნაგავსაყრელადაა ქცეული. ადგილობრივების თქმით, ნაგვის  ბუნკერები მხოლოდ ცენტრალურ გზაზე, ორი კილომეტრის მოშორებითაა განთავსებული, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩატანა კი ყოველდღიურად ძალიან უჭირთ.
,,დაღლილი მოვედი სამსახურიდან, უნდა წავიღო და გადავყარო ნაგავი, ურნები რომ არ დგას, იძულებული ვარ ხევში ჩავყარო.  ასეთი დაღლილმა როგორ ვათრიო ნაგავი ორი კილომეტრის მოშორებით?!  დაგვიდგან ურნები, რომ ამოვიდეს ხოლმე მანქანა და წაიღოს ნაგავი,"-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი დალი ალადაშვილი.

ანაგელების თქმით, პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ზაფხულში.

,,აქვე ახლოს ცხოვრობს მოსახლეობა,არის საბავშვო ბაღი, წარმოიდგინეთ რა ხდება ზაფხულში. საშინელებაა ქარიც,ქარს მოსახლეობის გადაყრილი ნაგავი ისევ სახლებში მიაქვს. სიღნაღის მუნიციპალიტის სახელით ვიცე მერი აცხადებს, რომ საკმარისი რაოდენობით დგას ურნები სოფლებში და მოსახლეობა მაინც ხევში ჰყრის ნაჩენებსო. ზღვარს გადასულ უპასუხისმგებლობას და თვალში ნაცრის შეყრას აქვს ადგილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ორიოდე ურნა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალზე ე.წ აბრეშუმის გზის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მონაკვეთზე დგას და დასახლებული პუნქტები ნაგავს მიაქვს. პრობლემის მოსაგვარებლად სულ 6-7 ურნის დადგმაა საჭირო და მერე თუ ვინმე კიდევ დაჰყრის ნაგავს პირველი მე ვიქნები ვინც უმკაცრესი ზომების გატარებას მოითხოვს,“- ამბობს ანაგის მკვიდრი, ნინო გოგოლაშვილი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გოგილაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის სოფლებში და მათ შორის ანაგაშიც, დაგეგმილია ნარჩენების კონტეინერების დამატება.

,,აღნიშნული სტიქიური ნაგავსაყრელი დაახლოებით სამოცდაათ წელს ითვლის. მერიამ 2017 წელს შეიძინა ორი ერთეული მერსედესის ტიპის თვითმცლელი, ასევე, მყარი ნარჩენების 500 ცალი კონტეინერი, რომლებიც სოფლებში განთავსდა. მერიის კომუნალური სამსახურის მიერ სისტემატიურად დადგენილი გრაფიკის მიხედვით ხდება სოფლებიდან ნარჩენების გატანა.
წელსაც ვგეგმავთ სოფლებში დამატებით კონტეინერების შეტანას, მათ შორის ანაგაში, სტიქიის პრევენციისთვის გამოყოფილი თანხიდან დაგეგმილია აღნიშნული ნაგავსაყრელის გაუქმება. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ანაგაში დასახლებულ ტერიტორიასთან ყველაზე ახლოს კონტეინერი დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე დგას და არა 2 კილომეტრის, ასევე თხოვნა მაქვს მოსახლეობასთან ნაგავს საკუთარ სახლებთან ხევში კი ნუ დაყრიან, თუ კონტეინერი სავსეა, შეკრული დაალაგონ მის გვერდით და მანქანა აუცილებლად გაიტანს ნაგავს,"- აცხადებს მერი.

| Print |
FaceBook Twitter Google