საზოგადოება
თელავის სასამართლომ საკუთარ ეზოში კანაფის მოყვანაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაიწყო
ახმეტაში მცხოვრებ, 1965 წელს დაბადებულ მიხეილ ცინკვერაშვილს გამოძიება საკუთარ ეზოში დიდი ოდენობით კანაფის მოყვანას ედავება. თელავის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა, მისი საქმის განხილვა დღეს დაიწყო.
სასამართლო პროცესს "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ესწრებოდა.

"მიხეილ ცინკვერაშვილს ეზოში კანაფი პირადი მოხმარებისთვის ედგა. არავისთვის პრობლემა არ შეუქმნია. არ არსებობს დაზარალებული და მომჩივანი, შეუძლებელია ამისთვის ადამიანი ციხეში გაუშვან", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო შესავალი სიტყვის ეტაპზე გადაიდო. მომდევნო პროცესი 27 მარტს გაიმართება.

მიხეილ ცინკვერაშვილის წინააღდეგ გამოძიება სსკ-ის 265 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



| Print |
FaceBook Twitter Google