საზოგადოება
კახეთში სააღდგომო დახმარებას მხოლოდ გურჯაანელი ბენეფიციარები ვერ მიიღებენ
სააღდგომოდ, კახეთის 7 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარების საჩუქრებისა და ერთჯერადი ფულადი დახმარებისთვის, სხვადასხვა თანხა გამოიყო. ამ მიმართულებით, გამონაკლისი აღმოჩნდა გურჯაანი.
თელავის მერიამ 10 200 ლარის 340 ამანათი შეიძინა, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ქათამი, 10 კვერცხი, პასქა, ზეთი, შაქარი და ნამცხვარი.

ყვარლის მერიამ 99 მრავალშვილიან ოჯახს ფულადი თანხა გადასცა, რისთვისაც ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 850 ლარი გაიხარჯა.

საგარეჯოს მერია 600 ადამიანს დაეხმარა. მათ სასაჩუქრე პაკეტები გადასცა, რომელშიც პასქა, კვერცხი და ქათამი იქნება. ამისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 9100 ლარი გაითვალისწინა.

სააღდგომო ნობათს ახმეტის მერია 26 შშმ პირსა და 1 უდედმამო ბავშვს, (ამ კატეგორისთვის თითო პაკეტზე 50 ლარია გათვალისწინებული), ასევე მთა-თუშეთში მცხოვრებ 18 ადამიანს (თითო პაკეტზე 100 ლარია გათვალისწინებული) გადასცემს, რისთვისაც ჯამში 3019 ლარი დაიხარჯება.

სიღნაღისა და წნორის სათნოების სახლის 200 ბენეფიციარს მერია პასქებსა და პეროგებს მიუტანს, რისთვისაც 888 ლარს დახარჯავს.

რაც შეეხება დედოფლისწყაროს სათნოების სახლის 220 ბენეფიციარს, მათ პასქას, კვერცხებსა და ლიმონათს დაურიგებენ.

ლაგოდეხის მერია კი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან 15 ვეტერანს 150 ლარს ჩაურიცხავს.



| Print |
FaceBook Twitter Google