საზოგადოება
"მეცენატმა“ ტრენინგების პირველი ეტაპი დაასრულა [Photo-Video]
სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტში“ დასრულდა სამდღიანი ტრენინგი ახალგაზრდებისთვის, რომელიც ითვალისწინებდა მათ ინფორმირებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.
პროექტის „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“ ფარგლებში პირველ ეტაპზე 20 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.

მათ საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია შემდეგი მოდულების შესახებ: დემოკრატიული არჩევნებისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობა;საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესი; ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპები; კენჭისყრის დღის პროცედურები; ასევე მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ არჩევნებში.
სემინარს უძღვებოდა საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე კვალიფიციური ტრენერი ნინო იოსელიანი.

„ მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია პროექტი, რომელიც ეხლა განხორციელდა. ის პირდაპირ მიმართულია მოქალაქეთა აქტიურობაზე. კვლევებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდები ყოველთვის ნაკლებად ღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა მსგავსი სემინარები ხელს უწყობს მათ აქტიურობას. ჩატარებულმა ტრენინგებმა მიჩვენა, რომ ისინი დაინტერესებულები არიან და უნდათ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.ეს, რათქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. უზომოდ კმაყოფილი ვარ ტრენინგის მიმდინარეობით. როგორც ყოველთვის, ყველაფერი კარგად იყო მომზადებული. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია მობილიზებული იყო. კარგად ჰქონდათ ყველაფერი გათვლილი და სტრატეგიულად დაგეგმარებული. ამდენად, ვფიქრობ, კარგ ვითარებაში და მშვიდ გარემოში ახალგაზრდებისთვის საინტერესო სემინარები ჩატარდა. მიმაჩნია, რომ მსგავსი პროექტები საჭიროა და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

ტრენინგის მეორე დღეს კონტრიბუციის ფარგლებში ერთი სემინარი ჩაატარა გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილმა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ჩვენი ამომრჩევლის და განსაკუთრებით ახალგაზრდების საარჩევნო ფორმირებულობის დონე. ასევე, ვზრუნავთ გაიზარდოს მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ზუსტად ამ მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი არაერთ პროექტს ახორციელებს. უკვე დავამთავრეთ საჯარო სკოლებში პროექტი არჩევნები და ახალგაზრდები, რომელიც გათვალისწინებული იყო მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, გვაქვს ადმინისტრატორის კურსები, ზაფხულის პერიოდში ტარდება პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“, სადაც 18-დან 24 წლის ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას. ეს მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ გავზარდოთ მომავალი თაობის ჩართულობა საარჩევნო პროცესში. ვფიქრობ, აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს შემდგომში ჩვენ მიერ ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხს.“

პროექტის ერთ-ერთი მონაწილის ნინი ალადაშვილის თქმით, ტრენინგი ძალიან საინტერესო გარემოში მიმდინარეობდა.

„ეს იყო ნაყოფიერი და საინტერესო როგორც ჩემთვის, ასევე აქ მყოფი ყველა ადამიანისთვის. ვფიქრობ, მიღებული ცოდნა შემდეგში დაგვეხმარება, როდესაც ჩვენც გავხდებით ამომრჩევლები. ამ სამი დღის განმავლობაში ვიხილეთ საარჩევნო პროცესის ყველა საფეხური. ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ იმის შესახებ, თუ როგორ ჩავატაროთ დემოკრატიულ ქვეყანაში სრულფასოვანი არჩევნები. ტრენინგთან ერთად, გავატარეთ სასიამოვნო დრო. მე პირადად გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი და ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად გავაგრძელებ ურთიერთობას.“

ნინო გიგაშვილი ამბობს, რომ მსგავსი სემინარები მათ განვითარებას უწყობს ხელს.

„პროექტმა ყველა ახალგაზრდის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ძირითადად დაფუძნებული იყო იმაზე, როგორი უნდა იყოს ახალგაზრდა ამომრჩეველი. გავითამაშეთ იმიტირებული არჩევნების პროცედურა. სამწუხაროდ, არასოდეს მიმიღია მონაწილეობა არჩევნებში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ტრენინგმა დიდი გამოცდილება მომცა და უკვე შემიძლია მომავალში მივიღო აქტუალურად მონაწილეობა. “

ნიკა ჯავაშვილი ტრენინგით კმაყოფილია და ამბობს, რომ მომავალშიც აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, თუკი ამის საშუალება ექნება.

„ჩემთვის ეს ტრენინგი იყო მნიშვნელოვანი და ბევრის მომცემი, ცოდნის თვალსაზრისით, რადგან საჭიროა ახალგაზრდებმა ზუსტად იცოდნენ საარჩევნო სისტემები. მომავალში აუცილებლად ჩავერთვები საარჩევნო პროცესებში და ყოველთვის მივესალმები ასეთი თემატიკის ტრენინგებს თქვენი ორგანიზებით.“
პროექტის ფარგლებში მომდევნო საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარი 3,4 და 5 ივნისს ჩატარდება, რომელცშიც კვლავ 20 ახალგაზრდა მიიღებს
მონაწილეობას.
აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტს ახორციელებს ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ ცესკოს, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

| Print |
FaceBook Twitter Google