საზოგადოება
პატივისცემა მინდა დავუდასტურო რიგით პოლიციელებს და არა მათ უფროსებს - კირკიტაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე გაათავისუფლეს. სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა.


„ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, გამეთავისუფლებინა გზა აქციის მომიტინგეებისთვის და მიმეცა საშუალება თელავში ჩასულიყო ხალხი, რომელიც მიდიოდა ყველაზე უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ აღგვიკვეთა გადაადგილების უფლება, მაინც გულწრფელად, ადამიანურად ვწუხდი, რომ ეს დაპირისპირება მოხდა ჩემსა და პოლიციელს შორის. ჩვენ პოლიციელის პრესტიჟზე ძალიან ვზრუნავთ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომელებიც პოლიციას აყენებენ იმ მდგომარეობაში, რომ ადამიანებთან შევიდნენ დაპირისპირებაში. ჩემი და ჩვენი პატივისცემა კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო რიგით პოლიციელებს და არა მათ უფროსებს, რომლებმაც ისინი ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს“,

ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის თქმით, კირკიტაძე პატიმრობას არ იმსახურებდა.
„პირველ რიგში სასიხარულოა ის, რომ დავით კირკიტაძე გათავისუფლდა. ის მისი პიროვნებიდან გამომდინარე არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებდა იმას, რომ ყოფილიყო პატიმარი. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, მხარეები საპროცესოზე შევთანხმდით. პირობა მისაღები იყო როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხრისთვის. ბატონმა დავითმა აღიარა და ბოდიში მოუხადა პოლიციელებს.“

| Print |
FaceBook Twitter Google