საზოგადოება
ყვარელში მედიკოსთა მე-8 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
ყვარლის სასტუმრო კომპლექს „ყვარელი ედემში“ სამედიცინო ცენტრ „კახეთი იონის“ ინიციატივით გაიმართა ფრანგ და ქართველ მედიკოსთა კონფერენცია თემაზე: „ტუბერკულოზის მართვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები“.


კონფერენცია, რომელიც უკვე მერვედ ტარდება მიზნად ისახავს ქართველი და ფრანგი ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობას.

„კახეთი იონის“ გენერალური დირექტორის თამარ ცანკაშვილის განმარტებით, კონფერენციაზე სრულად იყო განხილული ტუბერკულოზის მართვა.
„დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება ტუბერკულოზის თემას. „კახეთი იონი“ უკვე მერვედ მასპინძლობს ფრანგ და ქართველ მედიკოსთა სამედიცინო დღეებს. ძალიან მნიშვნელოვანია ტუბერკულოზის გამოვლენა და პაციენტის მართვა. ამ კონფერენციაზე სრულად განიხილეს დაავადების მართვა ქართული და ფრანგული პარალელების გავლებით.“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კონფერენცია მნიშვნელოვანია და მომავალშიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს.
„მივესალმები „კახეთი იონის“ ინიციატივას. ისინი პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის ივნისში რეგულარულად ატარებენ კონფერენციას მნიშვნელოვან საკითხებზე. მათი აქტივობა მისაბაძია. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ფრანგ პარტნიორებს იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც შეაქვთ ჩვენი ექიმების განათლების პროფესიული მზადების საკითხებში. მე დღეს გამოვთქვი მოსაზრება, რომ პროფესიული საბჭოს მიერ მოხდეს ამ ტიპის კონფერენციების აკრედიტაცია, რათა ექიმებს მსგავსი აქტივობა შემდგომში უწყვეტი პროფესიული მზადების კრედიტქულებში ჩაეთვალოთ. ვფიქრობ, ამ საკითხს სამინისტრო მხარს დაუჭერს.“

მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ამ ტიპის ღონისძიებები მარტო რეგიონისთვის კი არა, ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა, როცა საერთაშორისო გამოცდილების მქონე და ადგილობრივი ექიმები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და პრობლემებს, რაც ყოველდღიურობაში არსებობს. მინდა წარმატებები ვუსურვო ორგანიზატორებს და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია.“

კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე ირმა ხონელიძე, საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი, მისი მოადგილე ნანა ქირია; საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტუბერკულოზის პროგრამის მართვისა და კონტროლის სამსახურის უფროსი მარინა ჯანჯღავა; აგრეთვე საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები რუსუდან ასპინძელაშვილი და ინგა ქინქლაძე; ფრანგული სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონის“ ტუბერკულოზის განყოფილების მმართველი გულნარა გონაშვილი; საფრანგეთის პარიზის კოშენ ჰოტელ დიუს ჰოსპიტალის პროფესორი დომინიკ სალმონი; საფრანგეთის პარიზის კოშენ ჰოტელ დიუს ჰოსპიტალის ექიმი ფილიპ მორანი; საფრანგეთის ესპას სანტე ბლუას ექიმი ამად ჯიბაუი.

| Print |
FaceBook Twitter Google