წყალი ისეთი მღვრიე იყო, ვერაფერში გამოიყენებდი - ახაშნის მოსახლეობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში „სასაფლაოს უბანში“,
მოსახლეობას სასმელი წყალი უკვე რამდენი წელია არ მიეწოდება. როგორც
ადგილობრივები ამბობენ, დასალევად წყლის მოტანა შორი მანძილიდან
უწევთ.
მაია კობიაშვილის თქმით, მსგავსი პრობლემა მუდმივად არსებობს, თუმცა
ზაფხულში უფრო გაუსაძლისი მდგომარეობაა.
„ამ ზაფხულს გრაფიკი დაგვიწესეს, წყალი დაბალი წნევით მოდიოდა, მაგრამ
ისეთი მღვრიე იყო, რომ ვერაფერში გამოიყენებდი. ეხლა ერთი თვეა, ესეც
აღარ არის. დასალევი და სახმარი წყალი შორი მანძილიდან, ბურღიდან
მოგვაქვს, ხშირად ვერ მივდივართ და დიდი ხნის ნადგამი წყლის დალევა
გვიწევს. ვისაც ტრანსპორტი არ აქვს, მათთვის ეს უფრო დიდი პრობლემაა.
ოჯახში წყალი, განსაკუთრებით ზაფხულში, დიდი რაოდენობით გვჭირდება,
ამიტომ დღეში ხან ორი გზის გაკეთება გვიწევს. იმედია, მოგვხედავენ და
ყურადღებას მოგვაქცევენ, რადგან ეს პრობლემა მუდმივად არსებობს.“
გურჯაანის მუნიციპალური სერვისის დირექტორის თამაზ აბრამიშვილის
განმარტებით, კონკრეტული უბანი ზეგაანი-ახაშნის საერთო შემკრებიდან
მარაგდება.
„ეს არის ოთხიათას ტონიანი ავზი, რომელშიც წყალი ჭერმის ხევიდან
შემოდის. მღვრიე მაშინ არის, როდესაც წვიმებია. ამჯერად, ჭერმის ხევი
ისეთი ცოტა მოდის, რომ 75 დიამეტრის მილსაც ვერ გაავსებს და ამ დროს
ეს წყალი ოთხ სოფლის: ახაშნის, მუკუზნის, ზეგაანისა და ველისციხის
სათავეებზე ნაწილდება. ახაშენის სხვა უბნებში ჭაბურღილებია. აქაც
გაკეთდა რამდენიმე წლის წინ, თუმცა სამწუხაროდ, წყალი არ ამოვიდა.
მომავალში რა იქნება, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს ჩემი
პრეროგატივა არ არის. მე არსებულის მოვლა-პატრონობა მევალება.
დაახლოებით ოთხ მილიონამდე მაინც უნდა დაიხარჯოს, რომ წყალმომარაგების
კუთხით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. უარესი
ვითარებაა სხვა სოფლებშიც. “
მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, მომავალში სოფელ
ახაშენში რამდენიმე ჭაბურღილის გაკეთება იგეგმება. თუმცა, ზუსტად
როდის დაიწყება სამუშაოები, ჯერჯერობით უცნობია.
„წყლის პრობლემა თითქმის ყველა სოფელშია. ძირითადად ეს გამოწვეულია
გვალვებით, რომელიც დიდიხანია გრძელდება. ამ დროს შრება
სათავე-ნაგებობები და იმ რაოდენობით ვერ მიეწოდება მოსახლეობას წყალი,
როგორც საჭიროა. სხვადასხვა სოფლებში ჭაბურღილები უკვე დავამატეთ,
მაგრამ ამის მიუხედავად, პრობლემა მაინც არსებობს. მომავალში ისევ
ვგეგმავთ დამატებით ახალი ჭაბურღილების მოწყობას, მათ შორის
ახაშენშიც. ალბათ ამ გზით ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ
გადაიჭრება.“
მისივე თქმით, პერსპექტივაშია ასევე რამდენიმე სოფლის
გამრიცხველიანებაც, რაც წყლის უყაირათოდ ხარჯვას შეამცირებს და
პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს.
მასალის გამოყენების პირობები