საზოგადოება
წელს ქართველმა მაშველებმა 300-მდე ადამიანის სიცოცხლე იხსნეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წელს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე და ასევე თბილისის წყლებზე, 300-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.


მათ შორის 69 არასრულწლოვანი და უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე იყო. გარდა ამისა, მათ სანაპირო ზოლში დაკარგული 78 არასრულწლოვანი იპოვეს. უწყების ინფორმაციით, წელს სანაპირო ზოლებზე განლაგდა ახალი სამაშველო საგუშაგოები, განახლდა სამაშველო კოშკურები, გაუმჯობესდა წყალზე სამაშველო ტექნიკა და დაემატა საჭირო აღჭურვილობა. წელს, პირველად გამოჩნდნენ გოგო მაშველები.

ასევე პირველად ჩაერთო სამაშველო ოპერაციებში ტექნოლოგიური სიახლე - დრონი. მათი ეფექტიანობა ნათლად გამოჩნდა, როდესაც მაშველებმა შტორმის დროს დრონის საშუალებით რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

საზღვაო სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება ბათუმში გაიმართა, სადაც სეზონური მაშველები სამეგრელოს, აჭარის და გურიის რეგიონებიდან შეიკრიბნენ. თითოეულ მათგანს წყალზე სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მადლობის სიგელი გადაეცა, გადარჩენილი ადამიანების რაოდენობის მიხედვით გამორჩეულმა მაშველებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.





| Print |
FaceBook Twitter Google